აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ მასწავლებლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოწოდებას. მგალობლიშვილის ინფორმაციით, საკითხი ეხება ბათუმში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” პედაგოგებისთვის ჩატარებულ ტრენინგს, სადაც ისინი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “სკაიპით” გაესაუბრნენ. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, დაუშვებელია პედაგოგების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
“აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზების მცდელობას. მიუღებელია ასეთი მეთოდით, კერძოდ მოტყუებით, პედაგოგების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. მოვუწოდებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი არასამართლებრივი და თაღლითური ქმედებებისგან და ვთხოვთ, შესაბამის ორგანოებს, მოახდინონ რეაგირება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს”,- განაცხადა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა. ტრენინგზე მყოფი პედაგოგების განცხადებით, 2016 წლის 28 მაისს, ქალაქ ბათუმში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” მარიამ რამინაშილმა გამართა ტრეინინგი, რომლის თემა იყო მასწავლებელთა პროფესიული გამოცდებისთვის მომზადება.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ასმათ დიასამიძე წინასწარ დაუკავშირდა სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს და პირადად მოიწვია ტრენინგზე, რომელიც გაშუქდა მედიის მიერ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ინტერვიუებში აფიქსირებენ, რომ „აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება“. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მედიამ დატოვა საკონფერენციო დარბაზი, მონაწილეების განმარტებით, მათ “სკაიპით” ჩაერთო ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გააცნო პედაგოგებს “ნაციონალური მოძრაობის” ხედვები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებისათვის და მოუწოდა მათ 2016 წლის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ “ნაციონალურ მოძრაობას”. სააკაშვილის ჩართვის შემდეგ, დარბაზში დამსწრე პედაგოგთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა იქაურობა, რადგან თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად (როგორც შემდეგ თავად განაცხადეს სკოლის დირექტორებთან და სოციალურ ქსელში). „28 მაისს მეგობარმა დამირეკა, რომ მარიამ რამინაშვილი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 16:00 საათზე ატარებდა ტრენინგს გაკვეთილის დაგეგმვასთან დაკავშირებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ანალოგიურ ტრენინგზე დარეგისტრირებული ვიყავი და გამიკვირდა რატომ ელ.ფოსტაზე არ მივიღე შეტყობინება, მაგრამ რადგან გამოცდებამდე ცოტა დრო დარჩა, ჩავთვალე, რომ მასობრივი ტრენინგი ტარდებოდა, თანაც რამინაშვილის და წავედი. რამინაშვილს ვიცნობ როგორც საუკეთესო ტრენერს და მის პოლიტიკოსობაზე არც მიფიქრია. ტრენინგზე 10 წუთის დაგვიანებით მივედი. აუდიტორიაში ქალბატონი ასმათ დიასამიძე შემომეგება და თავისუფალ ადგილზე მიმითითა. ვიცი, რომ ქალბატონი ასმათი “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ განათლების კომიტეტშია და ქვეყნის კეთილდღეობაზე და განათლებაზე “ზრუნვას” პოლიტიკით თუ შეფუთავდნენ, არ მიფიქრია. ქალბატონი მარიამი დეტალურად ხსნიდა გაკვეთილის დაგეგმვის ეტაპებს, ამ დროს მონიტორზე “სკაიპით” ჩართვის ღილაკი აციმციმდა და წინა რიგებში იგრიალა ტაშმა და აღტაცებამ “ჩაირთო, ჩაირთო”….. და რა ჩაირთო?! ეკრანიდან ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჩაგვერთო. ქალბატონებმა ამცნეს (აღტაცებული სახეებით) “ბატონო პრეზიდენტო!!! ბატონო მიშა კი არა, ბატონო პრეზიდენტო”. ჩვენ აქ ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლის პედაგოგები შევიკრიბეთ თქვენთან შესახვედრად… და ა.შ. ქალბატონ მარიამს ვუთხარი, რომ მე ამ მარაზმის მოსასმენად არ ვიყავი მოსული და დავტოვე აუდიტორია. სამწუხაროდ ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერ მოვიფიქრე ის აღტაცებები მობილურით გადამეღო. ვხედავდი რომ ვიღაცეები იღებდნენ. ძვირფასო მეგობრებო, ვინც ესწრებოდით “ნაციონალების” დადგმულ ამ შოუს, ჩემსავით აღშფოთდით და გაქვთ იმ დღის ვიდეომასალა გთხოვთ კომენტარებში ატვირთოთ“, – აცხადებს ბათუმელი პედაგოგი, მზიური დევაძე.
www.guriismoambe.ge