ანტიქართული განცხადებებით ცნობილი ესტონელი პოლიტიკოსის, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას პარტიამ Estii 200 ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო. პარტიის ლიდერმა კრისტინა კალასმა აღნიშნა, რომ ეს შედეგი „იმაზე უკეთესია, ვიდრე პარტიაში ელოდნენ“ და აქცენტი კონკრეტულ რაიონებში მიღწეულ შედეგებზე გააკეთა.
„ტალინში 1.2%-ს გვიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჩვენ ამაზე ბევრად უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ. ტარტუში გვიწინასწარმეტყველებდნენ, რომ ბარიერს ქვემოთ დავრჩებოდით, თუმცა ჩვენ იქ ეს ბარიერი გადავლახეთ. ტარტუში ასევე პოტენციური კოალიციური პარტნიორები ვართ. ასე რომ, არც თუ ისე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ“, – განაცხადა მან.
ყველაზე მეტი ხმა – 24% (141,126 ხმა) დამოუკიდებელმა ამომრჩეველთა კავშირებმა მიიღეს, მეორე ადგილზე კი ცენტრისტული პარტია გავიდა, 21%-ით (124,840 ხმა). მესამე პოზიციაზე ხმათა 18.6%-ით (109,749 ხმა) პარტია „ისამაა“ გავიდა.
ცაჰკნას პარტიამ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეიტინგების უმეტესობაში ადგილების მოსაპოვებლად საჭირო 5%-იან ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, ტარტუში ბარიერის გადალახვა მოახერხა, თუმცა, წააგო ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ 78 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, სადაც არჩევნებამდე მას საქალაქო საბჭოში ადგილებიც ეკავა. Eesti 200-მა ტალინში 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და მხოლოდ 2.8 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო.