„გასაგებია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკას გამოხატავს არა ინვესტიციების წინააღმდეგ, არამედ მათზე პოტენციური სახელისუფლებო კონტროლის დაკარგვის შიშის გამო. სახელმწიფოს ვალდებულებაა აჩვენოს, რომ კონტროლი არსებობს და რომ ქვეყნის ინტერესები დაცულია იურიდიულად და არა მხოლოდ განცხადებებით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც საქართველოში „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ ექსპერტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.
მისი თქმით, ქვეყანას არ უნდა ეშინოდეს დიდი კაპიტალის, მაგრამ აუცილებელია ინსტიტუციური გარანტიების, გამჭვირვალობის და საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული კონტროლის სისტემის არსებობა.
„არ ამცდება მორიგ საზოგადოებრივ მღელვარებაზე ჩემი მოკრძალებული, არასაექსპერტო მოსაზრების გაზიარება (ვისაც საექსპერტო აინტერესებს – გაეცანით ირაკლი გოგავას ვრცელ პოსტს აღნიშნულ თემაზე). საუბარია 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც მოიცავს პროექტებს Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina. გასაგებია, რომ ეს თემა გახდა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ქვეყანაში. ინვესტიციის მასშტაბი უპრეცედენტოა, თუმცა საზოგადოებრივი რეაქცია, ტიპიური და მოსალოდნელი – ფრთხილი ოპტიმიზმიდან, ღია პანიკამდე.
მე არასდროს არ ვიზიარებ “შიშების გამყიდველების” და “კოშმაროფილების” უკიდურეს ფობიებს, რომლის უკან ორი ძირითადი მოსაზრება იკითხება: 1) ღმერთმა მიგვატოვა (ღმერთი გვსჯის) და 2) ეს ხელისუფლება – ერის მოღალატეა. მეტსაც გეტყვით – ამ ორივე პოზიციის პოპულარიზაციის უკან, ამაში დაინტერესებული ძალების მიერ დაფინანსებას ვხედავ (რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნით). ჩვენ კი მიკერძოების თუ პირადი ფინანსური ინტერესის გარეშე გავარჩიოთ რისკები და მათი დაზღვევის გზები, მაშ ასე:
მიწის უცხოელებზე გასხვისება; ე.წ.„არაბული დასახლებების“ გაჩენა; დემოგრაფიული და რელიგიური ბალანსის შეცვლა; მუსლიმათა საკულტო ობიექტების მშენებლობა; სამშენებლო სამუშაოებზე უცხოელი მუშახელის დაქირავება, ნაცვლად ადგილობრივებისა და ა.შ.
მესმის, რომ ეს შიშები ჰაერიდან არ გაჩენილა. საქართველო ისტორიულად ძალიან მგრძნობიარეა მიწის, იდენტობის, ენის, რელიგიისა და კულტურული გარემოს საკითხების მიმართ. იმდენად მგძნობიარეა, რომ გარშემო ვითარებაში ყველგან ხედავს საფრთხეს, გარდა, ათობით ათასობით ყოველწლიურ აბორტში, ათობით ათასობით განქორწინებაში, მრევლისგან დაცლილი ტაძრებისა და სახარების მიღმა ყოველდღიურობაში. დამატებით, ნებისმიერი მსხვილი გარე პროექტიც, ავტომატურად აღიქმება, როგორც საფრთხე. აქ კი არსებითი კითხვა იმაში კი არ უნდა იყოს, ვის შემოაქვს კაპიტალი, არამედ რა წესებით იმუშავებს ეს კაპიტალი საქართველოში.
იმისთვის, რომ შემცირდეს საზოგადოებრივი ფობიების გრადუსი და ამაზე პოლიტიკური ქულების მოპოვების მაძიებელთა ენერგია, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა პირდაპირი, საჯაროდ დასაფიქსირებელი გარანტიები.
არა მიწის გაყიდვა, არამედ გრძელვადიანი იჯარა ან თანაინვესტირება. უნდა გამოქვეყნდეს კადასტრული რუკები და საკუთრების სტატუსები, რათა გამორიცხული იყოს სანაპიროსა და სტრატეგიული ზოლების პრივატიზაცია
აიკრძალოს დახურული ანკლავების (ე.წ. “არაბული სოფლების”) გაჩენა. პროექტებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო წვდომა სანაპიროებზე, პარკებში, ბულვარებზე. ეს უნდა იყოს ამ დასახლებების დაგეგმვის პრინციპული ჭრილი.
მიგრაციის პოლიტიკა აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. სამუშაო ვიზები – მხოლოდ დროებით, კონტრაქტზე მიბმით. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, სავალდებულო პრიორიტეტით და კონტრაქტების პირობებით გამაგრებული.
პროექტის მონიტორინგისა და ანგარიშგების საჯარო სისტემა , უნდა იყოს ასევე გამჭვირვალე. საჯარო უნდა იყოს კვარტალური მონაცემები – დასაქმებულთა რაოდენობა და სტატუსი; ადგილობრივი და უცხოური კონტრაქტორების პროპორცია; ეკოლოგიური მაჩვენებლები; არქიტექტურული შეზღუდვების დაცვა.
ამავდროულად, უნდა გვესმოდეს ქვეყნისთვის აღნიშნული ინვესტიციით მოპოვებული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული სარგებელი (კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაეცნოთ ექსპერტების და არა შარლატანების მოსაზრებებს). თუ ზემოაღნიშნული წესები რეალურად განხორციელდება, პროექტი შეიძლება გახდეს სტრატეგიული სარგებლის წყარო:
დასაქმების კუთხით, მშენებლობის პერიოდში, ათობით ათასი სამუშაო ადგილი; შემდგომში – ტურისტული, მომსახურების სექტორის გრძელვადიანი სტაბილური სამუშაო ადგილები; ვალუტის ბალანსის გაძლიერება; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამცირებს ზეწოლას ლარზე და ზრდის ეკონომიკური ციკლების სტაბილურობას; ტურისტული ხარისხის ზრდა; “იახტ-მარინები”, ახალი სანაპირო ზოლები და ახალი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა გადაიყვანს ტურიზმს დაბალბიუჯეტიანი სეზონური მოდელიდან მაღალშემოსავლიან, წლიურ ფორმატში; ასევე რეპუტაციული ეფექტი – არაბული დეველოპერული კაპიტალი ხშირად ასოცირდება მაღალი კლასის ინჟინერიასთან და შეიძლება მოიზიდოს სხვა მსხვილი ინვესტორებიც.
გასაგებია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკას გამოხატავს არა ინვესტიციების წინააღმდეგ, არამედ მათზე პოტენციური სახელისუფლებო კონტროლის დაკარგვის შიშის გამო. სახელმწიფოს ვალდებულებაა აჩვენოს, რომ კონტროლი არსებობს და რომ ქვეყნის ინტერესები დაცულია იურიდიულად, და არა მხოლოდ განცხადებებით.
თუ წესები იქნება მკაფიო, საჯარო და აღსრულებადი, პროექტი გახდება ეკონომიკური ზრდის და ქალაქის განვითარების წყარო. თუ არა, ის გადაიქცევა გრძელვადიანი სოციალური კონფლიქტის ტრიგერად. საქართველოს არ უნდა ეშინოდეს დიდი კაპიტალის, მაგრამ აუცილებელია ინსტიტუციური გარანტიების, გამჭვირვალობის და საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული კონტროლის სისტემა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
