ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა დღემდე მიღწეული შედეგები, ისევე როგორც გამოვლენილი გამოწვევები, რაც უკავშირდება 30 წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და ამოცნობის პროცესს.
„სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა, რომლის მიზანია 1992-1993 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შეხვედრას ნეიტრალური შუამავლის სტატუსით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა დღემდე მიღწეული შედეგები, ისევე როგორც გამოვლენილი გამოწვევები, რაც უკავშირდება 30 წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და ამოცნობის პროცესს.
მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიცირების პროცესს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მონაწილეთა შორის მიმდინარე, სრულიად ჰუმანიტარულ პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგი და საკოორდინაციო მექანიზმში მათი აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენისთვის, პროცესის შემდგომი ეფექტურობის და მდგრადობის უზრუნველყოფისა და ოჯახებისთვის პასუხების გაცემის შესაძლებლობისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
