მედიის ინფორმაციით, რუსეთში ბავშვებით ვაჭრობის საქმეზე დააკავეს “ოჯახური ღირებულებების” დამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირინა რუდნიცკაია, რომელიც ამჟამად 12 აყვანილ ბავშვს ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუდნიცკაიას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლის დარღვევა ედება ბრალად, რომლის მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუდნიცკაიასთან ერთად, რომლის მეურვეობის ქვეშაც 3-დან 17 წლამდე ასაკის 12 ბავშვი იმყოფება, დაკავებულია კიდევ ორი პირი. TACC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის მეწარმეა, ხოლო მეორე — ქალი, რომლის შვილიც შესაძლოა, სხვა ოჯახში გაეყიდათ.
სასამართლო სხდომის დროს დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებულისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებინათ, რომელიც საზოგადოებიდან იზოლაციას არ გულისხმობდა, რაც “ბავშვებზე ზრუნვით” საბაბით დაასაბუთეს.
თუმცა, აგვისტოში აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოსკოვის სასამართლომ რუდნიცკაია წინასწარ პატიმრობაში 22 ნოემბრამდე მოათავსა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დაკავების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
