”რუსთავი 2”-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის წარმომადგენლებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
დადასტურებული ინფორმაციით ნიკა გვარამიამ გენერალური დირექტორის თანამდებობდა, ტელევიზიაში გია ყარამანიშვილის მისვლის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც “რუსთავი 2“-ში საგანგებო თათბირი გაიმართა.
ამ პროცესებს წინ უძღოდა ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული საუბარი. ამის შესახებ ინფორმაცია “მარშალპრესს“ “რუსთავი 2“-ის თანამშრომელმა მიაწოდა. წყაროს თქმით, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მწვავე საუბარი შედგა. გვარამიამ სააკაშვილს ულტიმატუმი წაუყენა და ძმებ ყარამანიშვილების მფლობელობაში არსებული “რუსთავი 2“-ის წილის გადაფორმება მოთხოვა. წყაროს ინფორმაციით, გვარამიამ სააკაშვილს შემდეგი შინაარსის ტექსტით მიმართა: “ან მე, ან ყარამანიშვილის წილი გადმომიფორმე, ან საერთოდ გაუშვით ყარამანიშვილები და ტელევიზიას აღარ დაგიშლი…“ – რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა რომ, ”რუსთავი 2”-ის პრობლემა მისმა რეალურმა პატრონმა ყარამანიშვილებმა უნდა გადაწყვიტონ და იგი ამ საქმეში არ ჩაერეოდა.
ამ საუბრის შემდეგ, გია ყარამანიშვილი “რუსთავი 2“-ში მივიდა და ნიკა გვარამია გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა, რამაც ”რუსთავი 2”-ის თანამშრომლების გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია, ტელევიზიაში სიტუაცია უმართავი გახდა, გია ყარამანიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და “რუსთავი 2”-ის შენობიდან გამოაგდეს.