ესპანეთის პოლიციამ გაანეიტრალა კრიმინალური ქსელი, რომელიც ასობით მიგრანტს მონური პირობებში ამუშავებდა. კასტილია-ლა-მანჩას რეგიონში (ალბასეტეს პროვინცია) დანაშაულებრივი დაჯგუფების 11 წევრი დააკავეს.
კრიმინალური ორგანიზაციას მიგრანტები ესპანეთში არალეგალურად შემოჰყავდა და რამდენიმე პროვინციის ფერმებში აგზავნიდა სამუშაოდ. იდენტიფიცირებულია 300-ზე მეტი მიგრანტი, რომელთა უმეტესობა ნეპალის მოქალაქეა.
მუშები გამოკეტილები იყვნენ პატარა ოთახებში, სადაც ლეიბები იატაკზე ეყარა და არანაირი სანიტარული პირობები არ არსებობდა. ისინი ყოველდღიურად გადაჰყავდათ ფურგონებით, რომლებიც უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამან გამოიწვია რამდენიმე ავარია, რომლის შედეგად ნეპალის ერთ-ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
დაკავებულებმა მიგრანტებს მძიმე სამუშაო პირობები დაუწესეს, მათგან 12-საათიან შრომას ითხოვდნენ და ქირისა და საკვებისთვის უზარმაზარ თანხებს ახდევინებდნენ. ხშირად, მსხვერპლი კრიმინალური ორგანიზაციისთვის თვეების განმავლობაში უსასყიდლოდ მუშაობდა, მათი ერთადერთი საზღაური საკვები იყო.
პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დააკავეს 11 პირი, რომლებსაც ადამიანებით ვაჭრობასა და შრომით ექსპლუატაციაში ედებათ ბრალი. ექვს ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ასევე ამოღებულია 12 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის – 2 მდიდრული ავტომობილი. დაყადაღებულია ტრეფიკინგის მონაწილეების 20-მდე საბანკო ანგარიში.
