ესტონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კულდარ ლეისმა („რეფორმების პარტია“) უარყო ლატვიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეილ ბალტიკის“ (Rail Baltic) მონაკვეთის ნაწილი, თანხების დაზოგვის მიზნით, ევროპული სტანდარტის ლიანდაგზე გადასვლის ნაცვლად, რუსულ სტანდარტზე დარჩება.
ტალინიდან პოლონეთის საზღვრამდე ევროპულ სტანდარტზე დაფუძნებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ბალტიის სამივე ქვეყანაში, სავარაუდოდ, ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლატვია პროექტში თანხების დაზოგვის გზებს ეძებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, არსებობს არაოფიციალური შეთავაზება, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, სალასპილსსა და სკულტეს შორის მონაკვეთი ძველ, ეგრეთ წოდებულ „რუსულ სტანდარტებზე“ დარჩეს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ საჭირო გახდება მატარებლები, რომლებსაც ორივე ზომის ლიანდაგზე შეეძლებათ მოძრაობა.
„რეილ ბალტიკის“ პროექტზე მომუშავე ესტონელები აცხადებენ, რომ ასეთი წინადადება პარტნიორებს შორის არ განხილულა და არც შეთანხმება შემდგარა.

„მეორე მხრივ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ლატვიაში ცალკეული ენთუზიასტები არასტანდარტულად აზროვნებენ. მათ მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი იდეები სადღაც მართლა არსებობს, მაგრამ პარტნიორებს შორის ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მსგავს გადაწყვეტილებაზე შეთანხმება არ მომხდარა“, – განაცხადა „Rail Baltic Estonia“-ს ხელმძღვანელმა, ანვარ სალომეცმა გადაცემაში „აქტუალური კამერა“ (Aktuaalne kaamera).
მის პოზიციას ლეისიც ეთანხმება. მისი თქმით, არ იცის, საიდან წამოვიდა ლატვიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.
„სამივე ქვეყანაში „რეილ ბალტიკის“ მთავარი მარშრუტი ევროპული სტანდარტით მოეწყობა. ეს ასევე შეთანხმებულია ევროკომისიასთან. სწორედ წუხელ [პარასკევს], ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა დამირეკა და დაადასტურა, რომ მათი ოფიციალური პოზიცია საერთოდ არ შეცვლილა,“ – განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.
„რეილ ბალტიკის“ დასაფინანსებლად, ლატვია სესხების აღებას აპირებს და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ვარიანტებს განიხილავს. ამავდროულად, ბევრი საკითხი ღია რჩება და დაზოგვის გზების ძიებაც აუცილებლად გაგრძელდება.

„ლატვიაში სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. ლიეტუვის საზღვარსა და რიგას შორის არსებული მონაკვეთებისთვის საჭირო დაფინანსება მათ უკვე გააჩნიათ და იქ სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, ცხადია, ტემპი უნდა გაიზარდოს. მთლიანი დაფინანსება როგორ იქნება უზრუნველყოფილი, ზუსტად არ ვიცი“, – აღნიშნა სალომეცმა.
ესტონეთის მიზანია, მშენებლობა „რეილ ბალტიკის“ მთლიან მთავარ მარშრუტზე მომავალი ზაფხულისთვის დაიწყოს. სალომეცი ამბობს, რომ ტემპის შესანარჩუნებლად, ევროკავშირის მომდევნო საბიუჯეტო პერიოდის დაწყებამდე (2028 წელი), მთავრობას საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ამ დროისთვის, დეფიციტი 100-150 მილიონ ევროს შეადგენს.
„2027 წლის სრული დაფინანსება ჯერ გარანტირებული არ არის; ეს დისკუსიები წინ გველის მომავალ ზაფხულსა და შემოდგომაზე. ტემპის შესანარჩუნებლად, დაფინანსება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს“ – აღნიშნა სალომეცმა.
„უკვე ერთი წლის შემდეგ, როცა ახალი სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდება, ჩვენ შევძლებთ დეფიციტური დაფინანსების შევსებას. ამ მხრივ, ყველაფერი ნორმალური ტემპით მიდის და მთავარი მიზანია, 2028 წლამდე ვაჩვენოთ, რომ კარგად მივდივართ, რათა ევროკავშირის შემდეგი ბიუჯეტიდან ახალი ახალი სახსრების მიღება მოხერხდეს“, – დასძინა ლეისმა.

