უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთ კომპონენტს, რაც გულისხმობს პრინციპს – ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქი, მიესალმება „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს სახელმწიფოს ხარჯების ეფექტიან ხარჯვას უზრუნველყოფს და გაცილებით უფრო პრაგმატულია, თუ ამას სახელმწიფო დაგეგმავს.
გარდა ამისა, ეკა სეფაშვილი რეფორმის მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს იმასაც, რომ უმაღლესი სასწავლებლები განთავსდება ისეთ რეგიონულ ცენტრებშიც, რომლებსაც აქვთ საუნივერსიტეტო სწავლების საკმაოდ კარგი გამოცდილება.
„მე მაგალითად, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ კონცეფციის თანახმად დაგეგმილია თითო ქალაქში ამა თუ იმ სპეციალობის მიმწოდებელი მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის ფუნქციონირება, მაგალითად სამართლის სპეციალობის მიმწოდებელი ერთი უნივერსიტეტი იყოს თბილისში, ასევე ეკონომიკის, ბიზნესის თუ სხვა სპეციალობების და ა. შ. ეს რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხარჯების ეფექტიან ხარჯვას უზრუნველყოფს და გაცილებით უფრო პრაგმატულია, თუ ამას სახელმწიფო დაგეგმავს. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ აქ კერძო სასწავლებელს და კერძო უმაღლეს სასწავლებელს არავინ უკრძალავს იგივე სპეციალობებით რამდენიც უნდა, იმდენი დაწესებულება გახსნას და მიიღოს სტუდენტები, რა თქმა უნდა, ავტორიზაციის უფლებების დაცვით. თუმცა, ჩემი აზრით, აქ მნიშვნელოვანია, რომ პრინციპის – ერთი ფაკულტეტი-ერთი ქალაქი, გაშლა მოხდეს გეოგრაფიულ ჭრილში. რა იგულისხმება გეოგრაფიულ ჭრილში – თბილისში, რა თქმა უნდა, იქნება ყველაზე მეტი ქვოტები გამოყოფილი ამა თუ იმ სპეციალობაზე, მაგრამ აუცილებელია ეს იყოს ისეთ რეგიონულ ცენტრებშიც (თბილისიდან ცოტათი დაშორებულ ადგილებში), რომლებსაც აქვთ საუნივერსიტეტო სწავლების საკმაოდ კარგი გამოცდილება, მაგალითად, ზუგდიდის, თელავის, ბათუმის და ა. შ. უნივერსიტეტები, სადაც არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურების საგრძნობი ზრდა, ვფიქრობ, ადგილზე არსებული პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ეკონომიკური სტიმული, რომელიც შეუძლია სახელმწიფომ დააწესოს კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე ხაზი გაუსვა მეცნიერების კვლევითი საქმიანობის გაშლის აუცილებლობას, რადგან, ეკა სეფაშვილის აზრით, წარმოუდგენელია მაღალი კლასის სპეციალისტს არ ჰქონდეს კვლევითი საქმიანობის გამოცდილება.
„კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის აუცილებელია კვლევითი კომპონენტის დაფინანსება, რადგან კვლევა და სწავლება ესაა გადაჯაჭვული პროცესი და კარგი სპეციალისტი, კარგი პროფესორი აუცილებლად უნდა იყოს აქტიურად ჩართული კვლევაში, იმიტომ, რომ მე მაგალითად წარმოუდგენლად მიმაჩნია კარგი სპეციალისტი იყოს პროფესორი და არ იყოს კვლევაში ჩაბმული, ან კარგად ასწავლოს ისე, რომ არ ჰქონდეს კვლევების გამოცდილება.
მე ვფიქრობ, რომ კვლევითი კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს უმაღლესი განათლების რეფორმაში ჩართული. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავალთ მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებაზე თუ პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად არ იქნებიან ჩართული კვლევაში და ეს კვლევითი კომპონენტი მათ შრომით ხელშეკრულებაშიც უნდა აისახოს. ასევე, უნდა ფინანსდებოდეს იმ საზღვრებში და იმ მოცემულობით, რაც საჭიროა დარგის სპეციალისტისთვის მოცემულ თემატიკაზე სათანადო კვლევის ჩასატარებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მე ვასწავლი უნივერსიტეტში, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ვიცი, რაც ხდება ამ მიმართულებით დღესდღეობით. ფაქტობრივად კვლევებს პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და ასისტენტ-პროფესორები საკუთარი ხარჯით, ენთუზიაზმით ატარებენ. რა თქმა უნდა, არის გარკვეული კვლევის დაფინანსების მექანიზმები, მაგალითად შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდი, თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი, იმასთან შედარებით, რასაც რეალურად აკეთებენ პროფესორები საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ყოველივეს გათვალისწინება საკანონმდებლო დონეზე და პროფესორ-მასწავლებლების შრომით ხელშეკრულებაში ასახვა, ისევე, როგორც მისი დაფინანსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
