ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის დროს გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი აღავლინა.
მიტროპოლიტის განცხადებით, ”თუ ყველანი გავერთიანდებით ერი და ბერი, ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე ავაშენებთ”.
”დღეს თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებულად მძიმედ გასახსენებელი დღეა, როცა საშინელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ეს იყო დღე, რომელმაც ნათლად დაგვანახა თუ რა რთულია ჩვენი ცხოვრება ხანდახან, რამდენად წუთიერი შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრება და ბუნებისა და ღვთის წინაშე რამდენად პატარები ვართ. რაოდენ ამოუცნობია ჩვენი ბედი. ჩვენ უმძიმესი დღეები გადავიტანეთ, მაგრამ ამ დღეებმა ასევე გვაჩვენა თუ რამდენად შეიძლება ადამიანები გასაჭირმა გააერთიანოს. ჩვენ ვნახეთ როგორ გაერთიანდა მთელი საქართველო ამ დღეებში , ამ გასაჭირის ჟამს. ყველანი ერთად ვებრძოდით სტიქიას. სამწუხაროა, რომ ადამიანთა მსხვერპლის გარეშე ვერ დამთავრდა ეს სტიქია. სამწუხაროა, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები შეეწირნენ ამ დღეს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ.
ძალიან ბევრი მათგანის ცხოვრება ვნახეთ შემდგომში. უმრავლესობა მათგანი განსაკუთრებული ცხოვრებით ცხოვრობდა და განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეკავებინა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მე ვთვლი, რომ მათ დაიკავეს ძალიან განსაკუთრებული ადგილი. ისინი შეიქმნენ გამაერთიანებელი ჩვენი ხალხისთვის, ერისთვის გასაჭირის ჟამს და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. უნდა გვახსოვდეს მათი სახელები, ვლოცულობდეთ მათზე და ვუხმობდეთ, რომ გაგვაერთიანონ, ოღონდ არა გასაჭირში, არამედ ქვეყნის საშენებლად. გავერთიანდეთ და ერთად ავაშენოთ ქვეყანა. ჩვენ ვნახეთ, 2 წლის წინ თუ რამხელა ძალა აქვს ერთობას. რამხელა ძალაა ერთობაში და თუ ჩვენ ყველანი გავერთიანდებით ერი და ბერი ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე ავაშენებთ. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ”, -განაცხადა მეუფემ.