„უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, თუ იგი არ არის გამყარებული რეალური სუვერენიტეტითა და ძლიერი ინსტიტუციებით, დროთა განმავლობაში გარდაუვლად იქცევა ფიქციად,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარალელს ავლებს 225 წლის წინ განვითარებულ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, XIX საუკუნის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში ხელმოწერილი მანიფესტით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტი, ხოლო დღეს, მორჩილებას მას ევრობიუროკრატები სთხოვენ.
„1800 წლის 18 დეკემბერი – თარიღია, რომელიც ქართული ისტორიული მეხსიერებისთვის სიმბოლურად ნიშნავს არა უბრალოდ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, არამედ საკუთარი სუბიექტობის დაკარგვას.
225 წლის წინ სანქტ-პეტერბურგში ხელმოწერილი მანიფესტი – ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიაში შეერთების შესახებ, შედგენილი იყო ცალმხრივად, ქართული მონარქიის კანონიერი წარმომადგენლების მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გარემოება: საუბარი არ იყო არც მოკავშირეობრივ ხელშეკრულებაზე და არც 1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატის” მსგავსი პროტექტორატის ფორმაზე, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივ ლიკვიდაციაზე, რომელიც სამართლებრივად მეფის რუსეთის იმპერიის აქტით დაკანონდა.
ამ მომენტიდან საქართველომ დაკარგა თავისი სახელმწიფოებრივი სუბიექტურობს და გადაიქცა დიდი გეოპოლიტიკის ობიექტად. ქვეყნის ბედი წყდებოდა თბილისის („ტიფლისის”) გარეშე, იმპერიული უსაფრთხოების ლოგიკით და არა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებით. სწორედ ამიტომ, 18 დეკემბერი არ არის მხოლოდ „ისტორიული თარიღი“, არამედ გარდატეხის წერტილია – გადასვლა საკუთარი დინასტიური, საეკლესიო და პოლიტიკური ტრადიციებიდან, გარე მმართველობის ეპოქაში. ეს არის ქვეყნის ისტორიაში ის შთაგონება, ის მწარე გამოცდილება, ის „ფოცხი”, რომელზე დაბიჯება უკვე არა შეცდომა, არამედ ფატალური დანაშაული იქნებოდა ჩვენთვის.
1800 წლის 18 დეკემბერი – დღეს 2025 წლის 18 დეკემბრის ზუსტი ასიმეტრიული ანარეკლია. უფრო ფართო მნიშვნელობით, ეს დღე იქცა გაფრთხილებად საქართველოს მთელი შემდგომი ისტორიისთვის: უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, თუ იგი არ არის გამყარებული რეალური სუვერენიტეტითა და ძლიერი ინსტიტუციებით, დროთა განმავლობაში გარდაუვლად იქცევა ფიქციად. საქართველო თავისი საბჭოთა წარსულის „უი”-ს იმიტომ არ გამოექცა, რომ ევროსაბჭოთა მომავლის „ვაი”-ს შეეყაროს. 225 წლის წინანდელი ეს მწარე გაკვეთილი აქტუალურია დღესაც, მიუხედავად იმისა, საქმე გვაქვს XIX საუკუნის იმპერიებთან თუ XXI საუკუნის კორპორაციული მმართველობის ცენტრებთან“, – წერს დავით ქართველიშვილი.
