აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ბრალთან დაკავშირებით “ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე“.
ცნობისთვის, ლილუაშვილი დღეს დააკავეს. მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან.
საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია “ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.
მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი “ქოლ-ცენტრების” მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. “ატკატებს’’ იღებდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

