53 წლის ბილიანა ნიკოლოვას სასურსათო მაღაზიაში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ბულგარეთის სოფელ ჩუპრენეში მდებარეობს, ასობით საკვებ პროდუქტსა თუ სხვა ნივთზე ფასები ლევებსა და ევროებშია მითითებული. მაღაზიის მფლობელი შიშობს და ღელავს, რომ იანვარში, როდესაც ქვეყანაში ევრო შემოვა, „ქაოსი დაიწყება“. ნიკოლოვა რამდენიმე კვირით მაღაზიის დაკეტვასაც არ გამორიცხავს, „სანამ სიტუაცია დალაგდება“, რადგან მომხმარებლებთან კამათი უკვე მოუვიდა. „როდესაც ხალხი ევროში უფრო დაბალ ფასს ხედავს, იბნევა და ჰგონიათ, რომ ვატყუებ“, – ამბობს ბილიანა, რომელიც მაღაზიას 20 წელზე მეტია ამუშავებს.
ჩუპრენეში, რომელიც ბულგარეთის სტარა-პლანინას მთების ძირში, სერბეთის საზღვართან მდებარეობს, 400 ადამიანი ცხოვრობს. აქ და ბულგარეთის სხვა პატარა, მსგავს სოფლებში უფრო იმის გამო მატულობს შეშფოთება, რომ ევროზე გადასვლა ფასების ზრდას გამოიწვევს. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა. ბოლო მთავრობა, რომელმაც დიდხანს ვერ გაძლო, ამ თვის დასაწყისში გადადგა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირში გაწევრიანებიდან თითქმის 19 წლის შემდეგ, 6,4-მილიონიანი ბულგარეთი 1 იანვარს ერთიანი სავალუტო ზონის 21-ე წევრი ქვეყანა გახდება.
„გაღატაკების შიში“
ევროზე გადასვლასთან დაკავშირებული შიში იმის მიუხედავად არსებობს, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ევროზონის საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით ერთი მესამედიდან თითქმის ორ მესამედამდე გაიზარდა. თუმცა, ევროსტატის მონაცემებით, ბულგარეთი მაინც რჩება ევროკავშირის ქვეყანად, სადაც სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების წილი ყველაზე მაღალია. „გაღატაკების შიში არის მთავარი საზრუნავი, რასაც მცირე მუნიციპალიტეტებში ვხვდებით – ხალხს ძალიან მცირე დანაზოგი აქვს,“ – ამბობს კვლევითი ინსტიტუტის, „ალფა რესერჩის“ წარმომადგენელი, ბორიანა დიმიტროვა.
„სოფლებში სამი ფაქტორი იჩენს თავს: ხანდაზმული მოსახლეობა, განათლებისა და ფინანსური ცოდნის დაბალი დონე და გადახდები, რომლებიც, ძირითადად, ნაღდი ფულით ხორციელდება“, – განაცხადა დიმიტროვამ, რომელიც ევროსადმი დამოკიდებულებებს ერთი წელია სწავლობს. საკვების ფასების მაღალმა ინფლაციამ ბულგარელთა შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა. „უნდა ვაღიაროთ, რომ ფასების ზრდა უმნიშვნელო არ ყოფილა“, – აღნიშნა სოციოლოგმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ საუბრისას. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ნოემბერში სურსათის ფასები, წლიურად, ხუთი პროცენტით გაიზარდა, რაც ევროზონის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
გაურკვევლობა წინ არის
ჩუპრენეს კიდევ ერთი სასურსათო მაღაზიის გამყიდველმა, რომელმაც მხოლოდ თავისი სახელი – კამელია გაამხილა, აღნიშნა, რომ უჭირს იმ მაღაზიის ამუშავება, რომელიც მან და მისმა ქმარმა ერთი წლის წინ გადაიბარეს. „ზოგი ამბობს, რომ ევროზე გადასვლის შემდეგ საქმე უკეთესად წავა, სხვები კი ამბობენ, რომ მდგომარეობა გაუარესდება“, – გაურკვევლობაშია მაღაზიის მეპატრონე. სოფელი ქვეყნის იმ რეგიონში მდებარეობს, რომელსაც უმუშევრობა ყველაზე მეტად შეეხო. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 2024 წელს ჩუპრენეს მოსახლეობის დაახლოებით 18,7 პროცენტი იყო უმუშევარი, მაშინ როცა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 4,2 პროცენტს არ აღემატება.
80 წელს გადაცილებულ ყოფილ მასწავლებელს, რომელმაც მაღაზიაში ყავის დასალევად შეიარა, ევროზე გადასვლის შეფასებისას, ბევრი არ უყოყმანია. „ვიცი, რომ გავღატაკდებით“, – დარწმუნებით თქვა ქალმა, რომელმაც „ფრანს პრესს“ მხოლოდ თავისი გვარი – ბოგდანოვსკა გაუმხილა. იანვრის თვეში ლევი და ევრო პარალელურად იქნება ბრუნვაში. თუმცა, მაღაზიის მეპატრონეებმა ხურდა მხოლოდ ევროში უნდა დააბრუნონ.
მონეტების „სასტარტო კომპლექტების“ შეძენა ბიზნესმენებს უკვე შეუძლიათ და ბულგარეთის ეროვნული ბანკის მმართველის, დიმიტარ რადევის თქმით, მასზე მაღალი მოთხოვნაა. „ზოგიერთ ადგილას, განსაკუთრებით საფოსტო სისტემასა და პატარა ქალაქებში, შეიქმნა განცდა, თითქოს [მონეტები] საკმარისი არ არის, თუმცა რეალური დეფიციტი არ ყოფილა“, – აღნიშნა მან მიმდინარე თვის დასაწყისში. „ეს ეპიზოდი აჩვენებს, რომ მჭიდრო კოორდინაცია უნდა შევინარჩუნოთ და სწრაფი რეაგირებისთვის მზად ვიყოთ“, – დასძინა რადევმა.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters

