WBO-მ (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენ ავთანდილ ხურციძეს კრივში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ჩამოათვა.
დოკუმენტი WBO-ს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში არაფერია ნათქვამი იმ მძიმე ბრალდებებზე, რის საფუძველზეც ხურციძე ნიუ იორკში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
„ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი იბრძოლოს ჩემპიონატზე და ვინაიდან დაგეგმილი ჩემპიონატი გაუქმდა, ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავთანდილ ხურციძის – საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს.”
ავთანდილ ხურციძე 10 დღის წინ ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ქართველ მოკრივეს რეკეტის, თავდასხმის და სხვადახვა სახის თაღლითობის ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში – ამერიკის ციხეში ყოფნა სულ მცირე 20 წლით მოუწევს.