შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი გრენლანდიის უსაფრთხოების დასაცავად არქტიკულ ტერიტორიაზე ამერიკული ძალების ყოფნას აუცილებლად მიიჩნევს. სკოტ ბესენტმა დონალდ ტრამპის მიერ ევროპის 8 ქვეყნისთვის ტარიფების დაანონსებას გამართლებული უწოდა.
„გრენლანდიის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის შეერთებული შტატების ნაწილი იქნება. მეტიც, თუ ის ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი იქნება, მისი დაცვა საჭირო არ იქნება. ტარიფები პრეზიდენტის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია გამოიყენოს შტატების ეკონომიკური ძალა ცხელი ომის თავიდან ასაცილებლად. რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? პრეზიდენტი ტრამპი სტრატეგიულად მოქმედებს. ის შორს იყურება. ჩვენი ნახევარსფეროს უსაფრთხოებას სხვა ქვეყნებს აუთსორსინგით არ გადავცემთ. მჯერა, ევროპელები გაიგებენ, რომ ეს საუკეთესოა გრენლანდიისთვის, საუკეთესოა ევროპისთვის და საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა ბესენტმა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გამოთქვა აშშ-ის პრეტენზიები გრენლანდიაზე, 8 ევროპულმა ქვეყანამ სადაზვერვო მისიის ფარგლებში კუნძულზე საკუთარი სამხედროები გაგზავნა. 17 იანვარს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნებს 10%-იან ტარიფებს დაუწესებს და დასძინა, რომ ტარიფები ძალაში 1 თებერვლიდან შევა, ხოლო ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ყიდვის შესახებ.
