ათონის მთაზე მოღვაწე ბერი მამა იერონიმე საზოგადოებას განცხადებით მიმართავს.
”ბოლო დროს ძალიან ხშირად ვკითხულობ ჩემი სტატუსის და პრესის მიერ წაღებული სტატიების ქვემოთ კომენტარებში, თურმე რა უფლებით ვკრძალავ ფეისბუქზე ლოცვას, წითელი ძაფების ტარებას და ა.შ. როცა თვითონ ჯიპზე ვზივარ და ძვირადღირებული სახლი მაქვს. “სახლი და მანქანა გაყიდე და შემდეგ დაგვიწესე აკრძალვები”-ო… ვინმე რომ არ დაბრკოლდეს სიცრუის გავრცელების გამო, მოგმართავთ:
დებო და ძმებო, უპირველეს ყოვლისა მე არანაირი აკრძალვა არ დამიწესებია არასდროს არავისთვის, მე არ გახლავართ სულიერი მოძღვარი ვინმესი, რომ რამე აკრძალვა დავუწესო ვინმეს, მითუმეტეს უცნობ ადამიანებს. მე უბრალოდ გამოვხატავ საკუთარ კერძო პოზიციას ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელსაც ჩემს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვუკავშირებ, მათ შორის როცა ვხედავ რომ რაღაც საკითხი, ადამიანების ცნობიერებაში რეგრესს იწვევს და სულიერ განუვითარებლობას უწყობს ხელს პერმანენტულად, ასეთი ტიპის ერთ-ერთი ფაქტი იყო, სტატუსი იმაზე რომ არ შეიძლება ძალიან ინტიმური, პირდაპირი და უშუალო კავშირი ცოცხალ ღმერთთან, გადმოვიტანოთ ვირტუალურ სივრცეში და ამით დავაკნინოთ ლოცვის, ხატისა თუ სინანულის მნიშვნელობა.
რაც შეეხება სამ არგუმენტს, რომლითაც ცდილობენ შემეწინააღმდეგონ: 1) ფეისბუქის ქონა 2) ჯიპის ქონა და 3) სახლის ქონა. მე ვარ მონოზონი, შესაბამისად, დღიდან ჩემი აღკვეცისა მე არანაირი უძრავი თუ მოძრავი ქონება არ გამაჩნია. მათ შორის არც ჯიპი და არც სახლი, ვინაიდან მე მაქვს ღვთის წინაშე უქონლობის (უპოვარების) აღთქმა დადებული ჩემი აღკვეცის დროს. ვმგზავრობ ფეხით, მეტროთი, (მიკრო) ავტობუსით და ტაქსით (განსაკუთრებულ შემთხვევებში) და ალბათ, ბევრს შევუმჩნევივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, რადგან ერში საქმეზე გასვლის დროს, ძალზედ ხშირად ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ვისაც ამის არ ჯერა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და ვერაფერს იპოვით ჩემს სახელზე რეგისტრირებულს. და საერთოდ, ვინც მიცნობს იცის, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ მღვდელს ყავდეს პრადოს ჯიპი და ბერს ხომ საერთოდ, არათუ პრადოს ჯიპის, ოპელის მფლობელობის უფლებაც არ აქვს!
სერბეთის დიდებული პატრიარქი პავლე ამბობდა: ”არ ეგების მანქანის შეძენა ობლებისა და ღარიბების შემოწირულებით, თან იქნებ ისეც მოხდეს, რომ გუბეებში გადაივლით და მათვე გაწუწავთ”. ქობულეთში ცხოვრობენ ჩემი მშობლები და საქართველოში ყოფნისას ვრჩები დედ-მამის სახლში და მამაჩემი თავისი მანქანით ცდილობს დამეხმაროს გადაადგილებაში, ეს ყველაფერი კი ჩემი ხორციელი მამის სახელზეა რეგისტრირებული, ვინაიდან არის მისი საკუთრება, თუკი ამას გულისხმობდა რომელიმე, ძალიან მწარედ შეცდა რომ ამით რამე სკანდალში გამხვევდა.
რაც შეეხება ყბადაღებულ თემას – ფეისბუქის ქონას, რომ საქართველოში ბერებს არ აქვთ და ისინი წმინდანები არიან და მე ფეისბუქ-ბერი და ცუდი ვარ, რომელზეც განმარტებების გაკეთებას აღარ ვგეგმავ, გირჩევთ ვიდრე საბერძნეთში მყოფ ბერს მომწვდებოდეთ, მანდვე საქართველოში, ფეისბუქზე საძიებო ველში ჩაწერეთ: ბერი/Beri, არქიმანდრიტი /Arqimandriti, იღუმენი/Igumeni, მღვდელ-მონაზონი ან სქემმონაზონი და თუკი ვერავის იპოვით, მერე გადმოდით ჩემზე და მლანძღეთ.
პატივისცემით, მონაზონი იერონიმე”, – ნათქვამია ბერ იერონიმეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.