მონარქის ინსტიტუტს თავისი ხიბლი აქვს, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით პატრიარქს ჯერ კიდევ წლების წინ აქვს გამოთქმული თავის დადებითი პოზიცია. ეს პოზიცია არა მხოლოდ საზოგადოდ აქვს ნათქვამი, არამედ პირადად ჩემთან და რამდენიმე ადამიანთან საუბრისას. თუ დავეყრდნობით მამა მიქალ ბოტკოველს, ეს არ არის კონკრეტული დღის ინიციატივა. პატრიარქს ზოგადად ჰქონდა ეს ინიციატივა. ამ ინსტიტუტს აქვს თავის ხიბლი. ეს ცალსახად არის განსჯის საგანი. თუნდაც ესპანეთი ავიღოთ, ესპანეთში რომ არ იყოს მეფის ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში კატალონია დიდი ხანია დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნებოდა. ეს არის დამატებითი არგუმენტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სეპარატისტული განწყობა აქვთ. ასევე გარკვეული მასტაბილიზებელი ფაქტორია ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რასაკვირველია იმ შემთხვევაში თუ მიიღეს ინსტიტუტი.
აქ ძალიან რთულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ბაგრატიონების წიაღში არის გარკვეული სირთულეები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს მონარქი, მონარქიის ინსტიტუტის აღდგენის შემთხვევაში. თუმცა, დაიბადა ბავშვი, რომელიც ორივე შტოს დამაკავშირებელია. ასე რომ, ეს დღევანდელი საკითხი არ არის, ეს არის დიდი მსჯელობის საკითხი. მომავალში ეს საკითხი ქართველმა ხალხმა შეიძლება დადებითად მიიღოს.
მონარქია საქართველოში რასაკვირველია არის პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგი, რადგან არ შეიძლება 3-4 უფროსი ჰყავდეს ერთ პატარა ქვეყანას. მართალი გითხრათ, პრეზიდენტსა და დანარჩენ სტრუქტურებს შორის გაუთავებელი ძიძგილაობა მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის კონტრპროდუქტიულია. იმდენად დამღლელია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ამ კამათს საერთოდ ჩამოშორდა, რადგან ვეღარ გაიგო რა ხდება და არც აინტერესებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკოსთა ვიწრო წრისთვის დარჩა”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.