ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რეფორმების განხორციელებისთვის „მოკლე გზა“ არ არსებობს, მიუხედავად იმ ვარაუდებისა, რომ კიევის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება შესაძლოა მომავალ წელსვე მოხდეს.
„მოდით, ვიმსჯელოთ ამაზე ერთი ძირითადი პირობით – სრული წევრობა მხოლოდ სრული რეფორმების შემდეგ ხდება“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანა მზად იქნება ბლოკში გასაწევრიანებლად 2027 წლისთვის, ხოლო ევროკავშირის წევრობა ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიად გამოდგება რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში.
ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის გაწევრიანების ისეთ გეგმას განიხილავს, რომელიც ქვეყანას ბლოკში შესვლის საშუალებას მისცემს მანამ, სანამ ის გაწევრიანების პროცესით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ რეფორმას დაასრულებს.
თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, ამ დაჩქარებულ ვადებს წინააღმდეგობა გაუწია.
