საერთაშორისო სამართალი ფაქტობრივად აღარ მოქმედებს, ბევრმა ქვეყანამ ის უბრალოდ უგულებელყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობა საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად აღარ არის საკმარისი.
„აზერბაიჯანის მაგალითი ამას ნათლად აჩვენებს. შესაბამისად, ახალი მსოფლიო წესრიგის ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალი სისტემის ჩამოყალიბება გარდაუვალი იყო. საკითხი მხოლოდ ის იყო, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას ამ ნაბიჯის გადადგმაზე. მე მიმაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი სამუშაო შეასრულა, როდესაც „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა – ინსტიტუტის, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. მისივე თქმით, სულ უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ აუცილებელია, გადახედოს თავის მიდგომებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ფუნქციონირების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ გაერო სრულად პარალიზებულია. იგი ვეღარ მოახდენს გავლენას ვერერთ მნიშვნელოვან საკითხზე, ხოლო ალტერნატივა არ არსებობს. ამიტომ ვიმედოვნებ, ერთობლივად მუშაობის დროს უფრო მეტი საღი აზრი გამოჩნდება, რადგან ახალი მსოფლიო წესრიგი არ უნდა ნიშნავდეს, რომ მართალია ის, ვინც ძლიერია. ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა ნიშნავდეს ცივილიზებული სამყაროს, ურთიერთობებისა და საერთაშორისო წესრიგის ახალ მექანიზმებს“, – განაცხადა ალიევმა.
