ამერიკელი სამხედროები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ პოტენციური ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ აშშ-ის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
მათი ცნობით, ოპერაციის დაგეგმვა გააქტიურდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების ფონზე, სადაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა: „ირანში რეჟიმის შეცვლა საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო“.
როგორ „როიტერი“ წერს, მიმდინარე გეგმები მნიშვნელოვნად უფრო რთულია, ვიდრე წინა ოპერაციები. თუ 2025 წლის ივნისში ოპერაცია Midnight Hammer-ის ფარგლებში დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე „სტელსის“ ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით ხორციელდებოდა, ახლა სამიზნე, შესაძლოა, გახდეს სახელმწიფო დაწესებულებები და ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული ობიექტები.
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში თეირანის მხრიდან პასუხი გარდაუვალია, რაც გამოიწვევს ხანგრძლივ დაპირისპირებას.
ამასთან, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, სამხედრო მზადების მიუხედავად, დიპლომატიური კონტაქტები გრძელდება. მომდევნო კვირაში ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დაგეგმილი. წყაროების ცნობით, ამერიკული დელეგაცია, რომელსაც სპეციალური წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ, ომანის შუამავლობით ირანის წარმომადგენლებს შეხვდება.
მხარეები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა მათი პოზიციები მკვეთრად განსხვავდება. თეირანი თანახმაა, განიხილოს მხოლოდ ბირთვული პროგრამა და სანქციების მოხსნა. ვაშინგტონი კი დაჟინებით მოითხოვს დღის წესრიგში ბალისტიკური რაკეტების საკითხის, რეგიონული დაჯგუფებების მხარდაჭერისა და ირანში ადამიანის უფლებების დაცვის თემების ჩართვას.
