საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანულ Diplomatisches Magazin- თან ინტერვიუში „საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელზე“, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და ისტორიულ კავშირებზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრობს.
„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამისათვის და პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა პრაქტიკული კუთხით, რათა მოხდეს სრულად დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“, – აცხადებს მინისტრი ინტერვიუში.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმ ექვს ძირითად მიმართულებასა და ინიციატივაზე საუბრობს, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში სრული პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება და დიდ წვლილს შეიტანს ას ოცირების პროცესის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესად ტრანსფორმირებაში.
„ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებული იმპლემენტაცია; ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან ინტეგრაცია; ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდა; საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის კოლეგა სტრუქტურებს შორის რეგულარული დიალოგის ინტენსიფიკაცია სექტორული პოლიტიკის ფორმულირებასა და იმპლემენტაციის თაობაზე; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში დიალოგის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს როლის განსაზღვრას; ევროკავშირის შიდა ბაზართან ფიზიკური ინტეგრაციის მიღწევა – ეს ის ექვსი ძირითადი მიმართულებაა,რომლებიც დაეხმარება საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე სტატიაში.
ინტერვიუში მიხეილ ჯანელიძე ასევე აცხადებს, რომ გასულ წელს, ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან ასოცირების შეთანხმება ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებასა და ტრანსფორმაციას და არის თანმიმდევრული პროცესი, რომელსაც შეუძლია კეთილდღეობა მოუტანოს მოსახლეობას.
„საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და ჩვენმოხარული ვართ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. ერთი მხრივ, თავისუფალი სავიზო რეჟიმისჩამოყალიბება არის ჩვენი რეფორმების ძალისხმევის აღიარება და მეორე მხრივ, ძლიერი მესიჯი ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერისა. ის აჩვენებს, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები, რომ ევროკავშირი ერთგულია თავის პრინციპების და ახორციელებს მას პრაქტიკაში“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მინისტრი სტატიაში ასევე საუბრობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება სხვადასხვა სფეროში. აქტიურია პარტნიორობა წამყვან ფონდებსა და გერმანიის ანალიტიკურ ცენტრებთან.
„წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს, საქართველოში პირველი გერმანული დასახლებების 200 წლისთავს და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს. გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც გახსნა საელჩო თბილისში, მას შემდეგ რაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1991 წელს“, – აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე.
„საქართველო-გერმანიის წლის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბერლინს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ზიგმარ გაბრიელთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და მსოფლიოსა და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.