უკრაინა და სირია შეთანხმდნენ, რომ კიევსა და დამასკოში საელჩოების ფუნქციონირებას მალე აღადგენენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში სირიელ კოლეგასთან, ასად ჰასან ალ-შაიბანისთან შეხვედრის შემდეგ წერს.
სიბიგამ ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა ცხრაჯერ გაიზარდა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში აღვადგენთ საელჩოებს კიევსა და დამასკოში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი პარტნიორობის განმტკიცების გზაზე“, – აცხადებს სიბიგა.
მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და სავაჭრო და საზღვაო გზების განვითარება. სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა, რეგიონის სურსათით მომარაგებას მხარი დაუჭიროს.
„სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასად ჰასან ალ-შაიბანისთან მოლაპარაკებების დროს განვიხილეთ მნიშვნელოვანი სფეროებისა და ინიციატივების მთელი რიგი, უპირველეს ყოვლისა – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენი ხალხებისთვის მდგრადი მშვიდობის ხელშესაწყობად. ასევე განვიხილეთ ლოგისტიკა, მათ შორის სავაჭრო და საზღვაო გზების განვითარება – სფეროები, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი პოტენციალი“, – წერს სიბიგა.
ცნობისთვის, უკრაინულ გუნდთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში 5 აპრილს ჩავიდა. სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და სირიას შორის დიდი ინტერესი სამხედრო და უსაფრთხოების გამოცდილების გაზიარების მიმართ არსებობს. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, რათა თავიანთი საზოგადოებებისთვის უფრო მეტი უსაფრთხოება და განვითარების მეტი შესაძლებლობა შექმნან.
