რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებული ინფორმაციაა განთავსებული და უწყება მონაცემებს არ აახლებს.
„მათ საიტზე იქნება თუ არა ეს ინფორმაცია მითითებული, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის განვითარებას ის, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ ინფორმაციის შეცვლა”, – განაცხადა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.
რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე – ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს საქართველოში მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.
