ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე იმსჯელეს გასულ წელს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის გაფართოების შედეგად დამატებული მედიკამენტების ეფექტურობაზეც – საუბარია ანტიბიოტიკებზე, ვიტამინებზე, საინჰალაციო და სხვა პრეპარატებზე.
როგორც აღინიშნა, მედიკამენტები მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს დაავადების მართვას, ასევე გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, უწყების მთავარი მიზანია თითოეული პაციენტის ინტერესების დაცვა. სამინისტრო, მშობლებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას ბენეფიციართა საჭიროებების უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, მათ შორის, პროგრამული, ეფექტიანი მედიკამენტებისა და სხვა საშუალებების მიმართულებით და განიხილეს სარეაბილიტაციო სერვისების სპექტრის გაფართოების შესაძლებლობებიც. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ცისტური ფიბროზი პროგრესული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც ხშირია პაციენტებში მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები.
