პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მიერ 51 წლის წინ თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილების გადაწყვეტილების გაუქმებას. ანალიტიკოსი ირონიით ეხმაურება მომხდარს და აღნიშნავს, რომ თბილისს ეს „დარტყმა“ გერმანიამ საქართველოზე აღშფოთების გამო მიაყენა:
„საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა“ – წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ოდესღაც დიადი ევროპა დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე.
„საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა. გერმანულ ყელში გაჩხერილი, 1975 წელს მიღებული გადაწყვეტილება – თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილებული ქალაქების სტატუსის შემოღების შესახებ – 51 წლის შემდეგ არქივს ჩაბარდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით.
დღეიდან არც კი ვიცი, ამ დარტყმას როგორ გადაიტანს დედაქალაქი. ის, რაც გარისკეს და შეძლეს “რკინის ფარდის” ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე. ოდესღაც დიადი ევროპა დღეს დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე. საკითხავი მხოლოდ ერთია, რომელი ღირსეული სახელი მოვუძებნოთ დედაქალაქის ცენტრში “საარბრიუკენის სამარცხვინო მოედანს”?“ – წერს დავით ქართველიშვილი.
