სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
ალექსანდრ ვუჩიჩი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის მეთაურს ბელგრადში იწვევს.
„გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძმური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა, მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ. ამავდროულად, გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებენ თქვენი ქვეყანა და მოქალაქეები.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნესწრეებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას. ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც უძვირფასეს სტუმარს და ძმას, ვსარგებლობ შემთხვევით, კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას“, – აღნიშნავს ალექსანდრ ვუჩიჩი.
