22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად არასრულწლოვანის გარდაცვალებას მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო! არ ვიცი, რა დავწერო!
უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…
22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?!
ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი!
დედ-მამას აბედნიერებდა ნიკოლოზი და უმცროსი ძმასავით ამშვენებდა“, – წერს სოციალურ ქსელში მაია კობახიძე.
22 ივლისს ხორავას ქუჩაზე 4 პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიჭრა, მათგან ერთ-ერთი, 17 წლის არასრულწლოვანი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

