რამდენიმე დღის წინ, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მიზეზი ცნობილია – როგორც “მარშალპრესს” თვითმხილველი უყვება, ბრალდებული მიხეილ იაშვილი ჭონქაძის ქუჩის ტაქსს მძღოლებს ყოველდღიურად ფულს სძალავდა, რის გამოც კახა ძნელაძემ არაერთხელ გააფრთხილა, ამ საქმისთვის თავი დაენებებინა. თვითმხილველის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებმა არაერთხელ მიმართეს უბნის ბიჭებს დახმარებისთვის. როგორც თვითმხილველი “მარშალპრესს” უყვება, ერთ დღესაც, რა დროსაც კახა ძნელაძე თავად შეესწრო ტაქსის მძღოლებისთვის იაშვილის მხრიდან ფულის წართმევის ფაქტს, კახა ძნელაძე იაშვილს მძღოლების თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა. რამდენიმე დღეში, ბრალდებულმა იაშვილმა კახა ძნელაძე, რომელიც ქუჩაზე მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღით, ტაქსის მძღოლების თვალწინ მოკლა.
მიხეილ იაშვილი ბრალს არ აღიარებს. მას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით).