ბორჯომში, სოფელ დაბაში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საშიშროება არ არსებობს, რადგან ხანძრის კერები უღრან ტყეშია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, წუხელ, სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო 300-მდე მეხანძრე მაშველი, რომელთაც დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი შეუერთდა.
მინისტრის ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საქართველოს კუთვნილი ორი ვერტმფრენი და ასევე აზერბაიჯანული მხარის კუთვნილი ვერტმფრენი.
„ამ ეტაპზე, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, მაგრამ იმასთან შედარებით უკეთესობაა, რაც წუხელ გვქონდა. იმედს ვიტოვებ, რომ ამინდი ხელს შეგვიწყობს და საშუალება მოგვეცემა ჯერ ხანძრის ლოკალიზების და შემდეგ ლიკვიდაციის. ამ ეტაპზე, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საშიშროება არ არსებობს, რადგან ხანძრის კერები უღრან ტყეშია. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილები შემოვიფრინეთ და იმ კერების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, სადაც ხანძარია და შესაბამისი დავალებები გავეცით. ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად მთელი ძალებით ჩართული ვართ“, – დასძინა მღებრიშვილმა.