პუბლიცისტი და პოეტ რეზო ამაშუკელის ქალიშვილი ბაია ამაშუკელი, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილ, ასევე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს ღია წერილით მიმართავს, რომელიც ბოლო პერიოდში, რეზო ამაშუკელის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხება. წერილი “საერთო გაზეთში” დაიბეჭდა.
არა ცილი სწამო მოყვასსა
შენსა, წამებითა ცრუითა
ღია წერილი თაკო ჩარკვიანს
ამ წერილის დაწერა საჭირო არ გახდებოდა და ყველაფრის წყნარად, ტელეფონით გარკვევა იყო შესალებელი. მით უფრო, რომ მე და თაკო ჩარკვიანი პირველი წელია არ ვიცნობთ ერთმანეთს და არც ერთმანეთის მტრები ვყოფილვართ აქამდე.
ჩემო თაკო, მართალი გითხრა, ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა პასუხი შენთვის, იმ უსაფუძვლო ჭორიკნობასა და ცილიწამებებზე (სხვა რა ვუწოდო?), რაც სოციალური ქსელის მეშვეობiთ ფართო საზოგადოების განხილვის საგანდ აქციე. პასუხის ღირსად მართლა არ გთვლი. ამასაც მომავალი თაობებისთვის და ჩემი შვილიშვილებისთვის უფრო ვწერ, რათა ინეტრნეტისა და სოციალური ქსელის ბინძურმა ეპოქამ სწორი ინფორმაცია შემოუნახოს მომავალს.
ამ წერილითაც შენთან ნებისმიერ პოლემიკას წერტილს ვუსვამ. ვიცი, რომ პასუხის გაცემასაც აუცილებლად ეცდები ნაციონალების რომელიმე სააგენტოსა თუ ახლა უკვე თავიდან დამეგობრებული შენი ყოფილი მტრების სატელევზიო ეთერიდან. რომელიც, შენივე სიტყვებით, ტელეკომპანია „მზერადან“, ვანო ჩხარტიშვილს, ჯანსუღმა შენს გამო გააგდებინა! თავსაც ტყუილად ნუ დაიღლი და ადამიანებსაც ნუ შეაწუხებ შენი მაღალფარდოვანი სენტენციებით. მამას მისამართითაც, ნაციონალური სექტის მიერ დაწერილი ნებისმიერი პუბლიკაციისა და პასკვილის უკანაც, დღეიდან უკვე „შენს აჩრდილს“ ამოიკითხავს ქართული საზოგადოება.
საზოგადოებას კი განვუმარტავ, რომ არც თაკო ჩარკვიანი დაბადებულა პუბლიცისტად და არც მე. ორივეს ბედკრული საქართველოს ქართველი პოეტების შვილობა გვარგუნა უფალმა. თუმცა, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ორივეს.
ხელოვანთა შორის, მხატვრების, კომპოზიტორების თუ ლიტერატორების, შემოქმედებითი პაექრობის ფაქტებიც მრავლად ახსოვს ისტორიას. მაგრამ არასდროს, არც ერთი მწერლისა და პოეტის ოჯახის წევრს ბინძური საცვლებივით არ აუქოთებია და საყოველთაო ალიაქოთის საგნად არ უქცევია ურთიერთდაპირისპირებები ისე, როგორც ეს შენ მოახერხე.
დამსახურებებიდან გამომდინარეც, ვფიქრობ, ჯასუღ ჩარკვიანსა და რეზო ამაშუკელს, ერთმანეთთან საპაექრო და გასაყოფი არც „საბას“ პრემიის ლაურეატობა და არც სხვა რამ არა აქვთ. იქნებ ვცდები?! ერთადერთი სამშობლოა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ორივეს ძალიან უყვარს და მისი გადარჩენის განსხვავებული პორზიციაც ცილისწამების ბინძური კამპანიის საფუძველს არ უნდა წარმოადგენს. თუ, რასაკვირველია, ნაციონალების მსგავსად, მამას მიმართ, შენც ანალოგიური მეთოდებით არ დაიწყე უკვე ბრძოლა…
პოეტის შვილობაც დიდი პასუხისმგებლობა რომაა, დამეთანხმები. ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია მე და შენ. ისე, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რას მიაღწიე და რა მოიგე ამ ყველაფრით?! იმის გარდა, რომ ჩარკვიანების ოჯახის მტრებიც გულიანად აცინე და რეზო ამაშუკელიც უსამართლოდ ალანძღინე ვიგინდარებს. დავიჯერო, გულზე მოგეშვა?! მეც გადავწყვიტე, რომ, ამ შემთხვევაში, „თქმა სჯობდა, არათქმასა“, რადგან „თქმითა“ თუ გაბოროტებული პროვოკაციით, უკვე იმაზე მეტი დააშავე, ვიდრე შესაძლებელი იყო და მომავალშიც შეიძლება დაშავდეს!
დავით მხეიძის ის ავადსახსენებელი წერილი მეც წავიკითხე. თუმცა მოსაწონი და გულის მოსაფხანი იქ ვერაფერი ამოვიკითხე. შენს მიერ ატეხილი სკანდალის შემდეგაც, ხელახლა, რამდენიმეჯერ გადავიკითხე- იქნებ გამომრჩა და მართლაც წერს მხეიძე, რომ რეზოს რჩევას დაჰყვა და ეს წერილი დაწერა-თქო. თუმცა, „სგუსჩონკასთან მიმართებაში“ ნახსნები ციტატის გარდა მსგავსი ვერაფერი ვნახე?! შენ რომელ სტრიქონებს შორის ამოკითხე და რომელ ცუდ სიზმარში ნახე, თაკო, მხეიძისათვის მიცემული რეზოს რჩევა და მითითება, იმ ინტელიგენციისა და თაობის წარმომადგენელზე დაწერილ წერილში, რომლის წევრიც თავადაც იყო და არის რეზო ამაშუკელი?! რაღაც, ძალიან „ჩემი შენ გითხარიოს“ წაგავს მთელი ეს კამპანია?! ტალახის შესხმა და სხვების წარსულის ქექვა კი არც პუბლიცისტიკაა და არც ჟუნალისტიკა. თუმცა, დღევანდელ საქართველოში, მართლაც რომ „ყველაფერი მოსულა“.
დათო მხეიძეზეც „ლაზარეს“ შეკრებაზე რეზოს მიმართ განხორციელებული დემარშის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. მიმაჩნია, რომ დემარშის დროსაც ვიღაცის დავალებას ასრულებდა და ამ წერილითაც იგივე გააკეთა. იმიტომ, რომ, თუ (როგორც თავად წერს) ორი წელი ინახავდა ამ წერილს, რაღა მაინცადამაინც ახლა მოუნდა მისი გამოქვეყნება? ჯასუღ ჩარკვიანს ორი წლის შემდეგ ასაკი დააკლდებოდა თუ ჯანმრთელობა მოემატებოდა? ასე რომ, თუ ორი წლის წინ ამის გამო შეიკავა მხეიძემ თავი, არც ახლა უნდა დაებეჭდა ის. ამასთან, ორი წლის წინ, ჯანსუღ ჩარკვიანსაც, ამ „რუსულმანებზე“, არაფერი უთქვამს. გამოდის, რომ წერილი საგულდაგულოდ, ახლა, გრიგოლიას გადაცემაში მისი ყოფნის შემდეგ დაიწერა. შესაბამისად, „რუსულმანებიც“ ორი წლის წინ დაწერილ პუბლიკაციაში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა.
სრულიად გამაოგნებელი აღმოჩნდა ჩემთვის, თაკო, შენი მხრიდან ამ წერილის ასეთი ფორმითა და თანაც მამასთვის მიწერა. გეტყვი იმასაც, რომ არაერთი უხამსი წერილი და გამონათქვამი დაწერილა და დაბეჭდილა მამაჩემის მისამართითაც, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანის რეზო ამაშუკელზე ნათქვამადაც მიუწოდებიათ მისთვის. ბოროტ ადამიანებს რა დალევს? მაგრამ თუ ნაციონალების ინფორმატორობას მიჰყავი ხელი ივანიშვილზე განაწყენებულმა, სიმართლესთან მიახლოებული ისეთი ინფორმაცია მაინც მიგეწოდებინა, თავი სამართლებელად და მათ დასაცავად რომ არ გაგეხადა. (იმიტომ, რომ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციებზე მისულს, „წითელ ინტელიგენციას“ გეძახიან მაინც და სოციალურ ქსლებში დაგცინიან. სიცრუის გავრცელება არ მჩვევია. შედი და თავად ნახე.) თუმცა, ენების მოტანის მიუხედავად, არასდროს, თავშიც არ გამივლია, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი მსგავსის მკადრებელი შეიძლებოდა ყოფილიყო… მითხარი, თაკო, მეც და ჩემს ოჯახსაც უნდა დაგვეჯერებინა ეს?! საერთოდ, ადამიანი სხვაზე იჯერებს იმას, რისი მკადრებელიც თავადაა. ან, თუ ნაციონალების საამებლად, შენი დაწერილი არ არის, შენს ადგილას გავაპროტესტებდი მაინც, მაგრამ, ჩანს, ნაციონალების მსგავსად, საზოგადოების თვალში რეზო ამაშუკელის მორალური დისკრედიტაცია შენც გაძლევდა ხელს….
მხეიძის წერილის გამო „ნიუ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ (თურმე შენს მიერ მიწოდებულ) ინფორმაციასა და წერილზეც დაგვირეკეს და გვითხრეს, ის, არათუ დაკვეთილი, არამედ, პირადად თაკო ჩარკვიანის დაწერილიაო. არ მჯეროდა. მით უფრო, წერილის ყოვლად დაუსაბუთებელი აბსურდული შინაარსის გამო. განაციონალებული ბაჩუკი ქარდავას სააგენტოში, „საკუთარი გაზეთის“ პატრონს, „ანონიმურად“, თანაც ასეთი არაკომპეტენტური და ცილისმწამებულური წერილის დასაწერი ნამდვილად არაფერი გჭირდა. ან ასე რამ შეგაძულათ მთელ ოჯახს რეზო ამაშუკელი, რომ ნაციონალები გაიხადეთ თანამოაზრედ?! ვიცი, კარგად რომ გახსოვს, მაგრამ მაინც შეგახსენებ დიდი ვაჟა-ფშაველას სიტყვებს: „რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“. ერთ დროს ნაციონალებთან მებრძოლი და ამაყი ქალი, ასე როგორ დაეცი, თაკო, ან, თუნდაც, შესანიშნავ ქალბატონს, შენს დედას, ირმას როგორ არ დაეკითხე აზრს, სანამ ასეთი ფორმით წამოიწყებდი ცილისმწამებლურ ომს და თანაც მტკნარ სიცურეს 85 წლის ჯანსუღ ჩარკვიანის მკვლელობის მცდელობად გაასაღებდი? ღმერთის მაინც არ შეგეშინდა?! კიდევ ის რაღაც აბსურდი, ირმა დეიდას მშობლების ბინაზე… სულ გაგიჟდი?! რამხელა ტყუილს ამბობ: წერილში მხეიძე საუბრობსო, „ამაშუკელმა უთხრა ესა თუ ის დეტალიო“.
სად ამოიკითხე ეგ, თუ რეზო ამაშუკელის სიძულვილმა და ბოღმამ, მართლა ასე დაგიბნელა გონება?! ტელევიზია-ტელევიზია დადიხარ ექსპერტად და პუბლიცისტად და ნაწერი ვერ ამოგიკითავს რიგიანად?! მამა, თავად, ვერც ქალბატონ ირმა ჩხეიძეს დაურეკავდა, იმიტომ რომ იმ ინფორმაციას, რომელიც თურმე „გავრცელდა“ მამამდე არ მოუღწევია. ის არც სოციალური ქსელების მომხმარებელია. შენ თუ ეტყოდი, რა ინფორმაციასაც ავრცელებდი ნაციონალების საამებლად, შესაძლოა, საქმის კურსშიც ჩამდგარიყო. იქნებ, ვინც ასეთ „წერილებსა და ვიდეოებს გაწვდის“, მათთან გაგერკვია სიმართლე?! ცნობისთვის, მწერალთა კავშირისთვის ბინა არც რეზო ამაშუკელს უთხოვია, ბაბუაჩემის ნაყიდ ბინაში გავიზარდე მეც. სად ამბობს მხეიძე: „მარტო კი არ ვიდექი, ბატონი რეზოც ჩემს გვერდით იყოო“. ეჰ, თაკო, თაკო… შენი „მომწოდებლებიც“, ასევე გავრცელებული ახლა უკვე ჩემი ინფორმაციით, ყველასათვის კარგად ცნობილი იმ „ცნობილი ნაკადულის ანკარა წყაროდანაა“, რომელსაც შენი მხურვალე მხადამჭერი ნანუკა ჟორჟოლიანიც ეწაფება და ემეგობრება აგრერიგად.
მამაჩემისადმი საშინელი ბრალდების აბსურდულ არგუმენტად მოგყავს ფაქტი, თითქოს გარდაცვლილი მწერლის შვილზე რეზო ამაშუკელმა რაღაცები თქვა და დაწერაო. რატომ გავიწყდება, რომ მაგ გარდაცვლილი მწერლის შვილსა და სიძეს საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავათ ხელისუფლებაში. საბოლოოდ კი იმ „ხელის კბენა“ დაიწყეს, რომელიც „ძღომამდე აჭმევდა“ და „ქვესკნელში ჩასული“ მათი პარტია სახელმწიფო პოლიტიკის ასპარეზზეც გაიყვანა?! უმადურობა ძალიან ცუდი თვისებაა, თაკო. თანამდებობის პირს კი (ზნეობრივ საზოგადოებაში) „საზოგადოებირივი მორალისა და ზნეობის სასამართლოს“ გავლაც რომ უწევს — ფაქტია. თანაც, რეზო ამაშუკელი კი არა, მთელი თბილისი საუბრობდა მაგ გარდაცვლილი მწერლის შვილის უზნეობაზე. ალასანიას მომხრეობა თუ შენ ამ საქციელის გამართლების საფუძველს გაძლევს-შენს მორალზე იყოს და ეს რეზოს ბრალი არ არის. მავანისთვის არც სხვისთვის ქმრის წართმევა და ოჯახის დანგრევაა საძრახისი, მავანი კი- თანამდებობაზე ყოფნისას, ქმრის ღალატსაც არად დაგიდევს. ასეთებს, ჩემი აზრით, (შენი არ ვიცი) საზოგადოებისთვის მორალის კითხვის უფლება არ გააჩნიათ!
არ მჯეროდა, ამ ბინძური კამაპანიის უკან მართლა შენ თუ იდექი, მაგრამ ჟურნალ „სარკეში“ მიცემული შენი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი. „მისი (თაკო ჩარკვიანის) აზრით, მხეიძის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის მითითებითა და რჩევით დაიწერაო“, — წერია. ჩემო თაკო, ეს უკვე სერიოზული ბრალდებაა, ცილისწამებას თუ არ დავარქმევთ და ამაზე „ღირსებისა და პატივის შელახვისთვის“ პასუხისმგებლობაც ეკისრება ადამიანს.
„კალამი“ და წერა კი, პირველ რიგში, მართალი სიტყვის მსახურებას გულისხმობს. „გარემოების საყვირი“ ვარო- ძია ჯანსუღისგან არაერთხელ მსმენია. პოეტის ფუნქციაც სწორედ ესაა. თუმცა, შენს მიერ წამოწყებული ამ ამაზრზენი კამპანიით, „ნაციონალების საყვირად“ რომ იქეცი თუ ხვდები ამას?! ამიტომ, „სარკისთვის“ მიცემული შენი პასუხებიც, სიტყვასიტყვით ემთხვევა განაციონალებული ქარდავას „ნიუ პოსტის“ სტატიას. ამასთან, (ალბათ, შენივე ინფორმაციაზე დაყრდნობით, სწორედაც, რომ “ინფორმატორი ზუსტად იგივეა, რაც დამკვეთი“, — ესეც შენი სიტყვებია.) თურმე, მხეიძის წერილისა და ძია ჯანსუღის ცუდად გახდომის შემდეგ დაურეკავთ მამასთვის საყვედურით… შემდეგ ამას მოჰყვა ვითომ ის სისულელე, რაც ღმერთმა იცის, საიდან მოიტანე.
ისე უაპელაციოდ ამტკიცებ რეზოს „ბრალეულობას“, რომ, ალბათ, მასთან ტელეფონით მოსაუბრის ვინაობასაც ასეთივე შემართებით ამცნობ საზოგადოებას. მართალს რომ ამბობდე და ზუსტი ინფორმაცია გქონდეს, აუცილებლად დაასახელებდი დამრეკს. ახლა კი იქამდე მიიყვანე სიტუაცია, საზოგადოების თვალში ცილისმწამებლისა და მატყუარას სახელის დამკვიდრება თუ არ გსურს, იძულებული ხარ, დაასახელო წყარო. რადგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის, პირველ რიგში, თქვენს ოჯახს შეატყობინებდა ამას და შენც აუცილებლად გეცოდინება მისი ვინაობა. რა დღეში ჩაიგდე თავი, თუ ხვდები?! თქვა კიდეც მამაჩემმა: „გადამოწმდეს ჩემი სატელეფონო საუბრებიო“.
„რეზოს დაურეკეს და მან ასე და ასე უთხრა თურმე“, — ეს რაღაც ძალიან წააგავს 37 წლის „ენკავედესა“ და ნაციონალების მეთოდებს, როდესაც ცილისწამება ღირსეული ადამიანების დადანაშაულების მთავარ მეთოდად იყო ქცეული. სწორედ, ეს „თურმე“ იყო, უამრავი უდანაშაულო ადამიანის დახვრეტებისა და გაციმბირების საფუძველიც მაშინ! ან ჩემთან დარეკვა და ინფორმაციის გადამოწმება თუ არ იკადრე და ისურვე, საერთო ნაცნობების მეშვეობით მაინც შეიძლებოდა ამის გარკვევა … არ გინდოდა … სკანდალი გერჩივნა… ან ჯანსუღ ჩარკვიანის ცუდად გახდომით რეზო ამაშუკელს რა უნდა მომატებოდა?! ნუთუ ასეთი ცუდი წარმოდგენისა ხარ მასზე?! ფაქტია, რომ ხარ! ნუთუ, მეც იგივე უნდა მეფიქრა ოდესმე ძია ჯანსუღზე?…. წარმოდგენაც კი მიჭირს. „მხეიძე ხშირად ატრიალებს რეზო ამაშუკელის სახელს, ამაყობს რომ მისი უახლოესი მეგობარია“ („სარკე“). რეზო ამაშუკელის სახელს მხეიძე კი არა, შენი დამსახურებით, უკვე მთელი ქართული საზოგადოებაც ატრიალებს, მაგრამ არა ისე, როგორი გათვლაც გქონდა. საბედნიეროდ, თბილისი პატარა ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ყველას ახსოვს, ვინ სად, როდის და ვისთან იდგა… ვერ გამოგივიდა, თაკო, კარგი საქმე… იმ „უცნაურ სალანძღავ ვიდეოებსაც,“ რეზო არ აქვეყნებს და მასში კიდევ, თუ ვინმეს ლანძღავს, მათ ლანძღავს, ვისაც, სანამ ნანუკა ჟორჟოლიანს გაიხდიდი მეგობრად- შენც „მიწაში დებდი“. ფოტოებით მეგობრობის დადასტურება კი უკვე სრული სიგიჟეა შენი მხრიდან. იმიტომ რომ, უკვე ამაჟამად, შენს სათაყვანებელ ალასანიასაც საქართველოს „მაოხრებელ გზირთან“ ერთად გადაღებულ ათეულობით ფოტოს უქვეყნებენ… ან, იქნებ, ისიც უნდა დამეჯერებინა, რასაც ხალხში საუბრობენ, რომ „ჩარკვიანები, თაკოსთვის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნაზე უარის გამო გაუნაწყენდნენ ბიძინა ივანიშვილისო“. ხოლო, რადგან მამა ძველ პოზიციაზე დარჩა და ალასანიას ღალატი არ აპატია- ახლა ის გახდა ჩარკვიანების დაუძინებელი მტერიო.“.. მეც უნდა დავიჯერო ეს?! მართალია, „შენ ის თამრო აღარ ხარ უკვე“, რომელიც მამასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს, საარჩევნო კამპანიისას ყველა რეგიონში დაჰყვებოდა, მაგრამ ასეთი გულმავიწყობაც ხომ არ შეიძლება, ჩემო კარგო?! „არა მგონია, რეზო ამაშუკელისთვის მიმზიდველი იყოს, ისტორიაში შევიდეს, როგორც ჯანსუღ ჩარკვიანის მკვლელიო“, — ამბობ „სარკეში“.
ვინ მოგცა შენ იმის უფლება, რომ ვინმეს განზრახ მკველობაში დასდო ბრალი?! მით უფრო, ღვთის წყალობით, ძია ჯანსუღი ცოცხალია, (გამეხარდა, უკეთესობისკენ წასულა), მაგრამ ამ ფრაზით, შენ, ფაქტობრივად, უკვე იმქვეყნად გაისტუმრე მშობელი მამა?!
მკვლელის სახელით ისტორიაში შესვლაც ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ როდესაც განაციონალებულ ბაჩუკი ქარდავას ასეთ უბინძურეს წერილს უკვეთდი (და დავრწმუნდი, რომ ასეა) თავად ხომ არ გსურდა, რომ რეზოს მოსვლოდა რამე და ისტორიაში მკვლელის სახელით შესვლის უნებლიე „პერსპექტივასაც“ თავად ხომ არ იქმნიდი?! მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს მიაღწიე და იქნებ, სწორედაც რეზოს ჯანმრთელობისთვის ვნება იყო შენი და ნაციონალების მიზანიც?! … აბა, მითხარი, როგორია უსაფუძვლო ბრალდების მოსმენა?! ნაციონალების მხრიდან თემის ასეთი ატაცებაც ამის ნათელ დასტურად ხომ უნდა მივიჩნიო?! სირცხვილია, თაკო, ძალიან დიდი სირცხვილი!!! ჩხეიძეების და გელოვანების შთამომავალს, ძალიან ხომ არ შეგეშალა?! ისე, რაღა დაგიმალო და „კალამი გაგმრუდებია“ პოეტის პუბლიცისტ ქალიშვილს……
შენი და დათო მხეიძის ადგილზე კი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაზინფორმაციისთვის („არიქა, რეზო ამაშუკელი 85 წლის კოლეგას სასიკვდილოდ იმეტებსო“), სულ „პაწია“ (შენს საყვარელ ფრაზას ვიხმარ) ბოდიშს მაინც მოვუხდიდი რეზო ამაშუკელს თუ არა, ქართულ საზოგადოებას მაინც. იმიტომ, რომ ჟურნალისტობა და პუბლიცისტობა, ცილისწამებასა და ბალღამის ნთხევას არ ნიშნავს. თქვენი ორივეს სტატია კი მხოლოდ ამას ემსახურება. ასე მოვიქცეოდი მე შენს ადგილზე რომ ვიყო, მაგრამ ღმერთმა შენს ადგილას არ დამაყენოს!..