შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის კერა დაათვალიერა.
მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 07:00 საათიდან ავიაცია ჩაერთვება.
მინისტრის თქმით, ცეცხლი ამ დროისთვის ნახევარ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული, რთული რელიეფის გამო კი, მეხანძრე-მაშველები ღამით ვერ იმუშავებენ.
”ხანძარი დიდ ფართობზე გავრცელებული არ არის, ამ ეტაპზე საგანგაშო ნამდვილად არაფერია, უბრალოდ ტერიტორია არის საკმაოდ მიუვალი, კლდოვანი და ტექნიკას უჭირს მიახლოვება. მიუხედავად ამისა, დილის 7 საათიდან, როგორც კი გათენდება, ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთვება. ვერტმფრენი იქნება ადგილზე, გამოძახებული გვყავს ცოცხალი ძალა, 200 კაცის შემადგენლობით. ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი, რომელსაც დღეს ჩაუტარდა რეგლამენტი, დილიდან მწყობრში იქნება და ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ნახევარ ჰექტრამდეა დამწვარი და ცეცხლი განელებულია. მისი გავრცელების საფრთხე არ არის”, – განაცხადა მღებრიშვილმა.