8 სექტემბერს, კიევში, ვასილევსკის ქუჩაზე, ავტომობილის აფეთქებისას კაცი დაიღუპა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური იყო. აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა ქალი, რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, მოდელი ნატალია კოშელია; მანქანაში იყო ასევე ბავშვი, რომელიც არ დაშავებულა. თემურ მახაური პრესაში სხვადასხვა სახელებით და სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში ფიგურირებდა. ეს მოვლენები ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს უკავშირდებოდა; მას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, დონბასში, ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონების წევრად ასახელებდნენ, ასევე ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილედ.
საქართველოს მოქალაქე
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიევის ცენტრთან, ავტომობილის აფეთქების დროს დაღუპული თემურ მახაურის შესახებ განაცხადა, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც “კარგად იყო ცნობილი კრიმინალურ წრეებში”. “ის საქართველოს მოქალაქეა, ჰქონდა მტკიცე კავშირები სხვადასხვა ჩეჩნურ წრეებთან”, – განახადა სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ. პოლიციამ გამოძიება “განზრახ მკვლელობის” მუხლით დაიწყო, მაგრამ არ გამორიცხა, რომ საქმეს “ტერაქტად” გადააკვალიფიცირებდა.
მისი ნამდვილი სახელი, სავარაუდოდ, ალი ტიმაევია
ამის შესახებ, უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი აცხადებს. ალი ტიმაევის და თემურ მახაურის გარდა, მას მედიაში მოიხსენიებდნენ, როგორც რუსლან პაპასკირს და ალი დაბუევს. გარდა ამისა, იცნობდნენ ზედმეტსახელებით “ზოონა” და “მოჩვენება”.
მისი ბიოგრაფიის შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი. სამი წლის წინ, რუსულ “კომერსანტთან” ინტერვიუში ჩეჩნური დიასპორის წევრები აცხადებდნენ, რომ 2000 წელს ის “ჩეჩნეთიდან საქართველოს პანკისის ხეობაში გადავიდა”. 2015 წელს, ისევ რუსულ МК-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტი ისლამ საიდაევი, რომელიც სტატიაში მოხსენიებულია, როგორც სეპარატისტების ყოფილი მომხრე და შემდეგ ჩეჩნეთის მთავრობის თანამშრომელი, მახაურს “რადიკალური მებრძოლების წარმომადგენელს” უწოდებს.
“კავკაზსკი უზელის” პუბლიკაციებში, რომლებიც 2009 წლის დასაწყისში ქვეყნდებოდა, ჩეჩნეთის შსს-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ნახსენებია ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მოქმედი “ბოევიკების” ჯგუფი, რომლებსაც თემურ მახაური ხელმძღვანელობდა. იგივე მახაურზეა ლაპარაკი თუ არა, უცნობია.
რუსული და ქართული სპეცსამსახურების აგენტი
მას მოიხსენიებდნენ, როგორც რუსული, ასევე ქართული სპეცსამსახურების აგენტად. მედიაში, თემურ მახაურის სახელი თავდაპირველად თურქეთის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა, სადაც მას ქვეყანაში მცხოვრები რამდენიმე ჩეჩენი მებძოლის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. მაშინ ადგილობრივი პრესა წერდა, რომ თურქეთის პროკურატურა ამ მკვლელობების დამკვეთად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ეფესბე) მიიჩნევდა. თურქეთის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები “კომერსანტთან” საუბრის დროს აცხადებდნენ, რომ მახაურს შეიძლება ემუშავა, როგორც რუსეთზე, ასევე საქართველოზე.
რუსულ МК-სთან ინტერვიუში, ისლამ საიდაევი მას ასახელებს “მებრძოლების ოფიციალურ წარმომადგენლად” და “იმავდროულად საქართველოს სპეცსამსახურების აგენტად”; რუსეთში აკრძალულ ჩეჩენი სეპარატისტების ერთ-ერთ ვებგვერდზე მასზე წერენ, როგორც “ეფესბეს ქილერზე”, იმავდროულად, ერთ-ერთმა კაცმა, რომელსაც უკრაინული ტელეკომპანია “112”, მახაურის დაღუპვიდან მალევე ელაპარაკა, განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი “მას თავის პირად მტდრად მიიჩნევდა”.
თურქეთში ჩეჩნების მკვლელობისთვის ბრალდებული
თემურ მახაურს თურქეთში რამდენიმე ჩეჩენის მკვლელობისთვის ასამართლებდნენ. 2009 წელს მოკლულ ალი ოსაევს თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის, “იმარატ კავკაზის” წარმომადგენლად მოიხსენიებდნენ. მეორე მოკლულზე, ბერგ-ჰაჯ მუსაევზე პრესა წერდა, რომ ის ჩეჩენი მებრძოლების მრავალწლიანი ლიდერის, დოკუ უმაროვის უახლოესი წრის წარმომადგენელი იყო; 2011 წელს მუსაევი რუსტამ ალტემიროვთან და ზაურბეკ ამრიევთან ერთად მოკლეს, რომლებსაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დომოდედოვოს აეროპორტის ტერაქტის საქმეზე ეძებდა.
მახაური, რომელსაც ოსაევის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს, საქმის ერთადერთი დაპატიმრებული ფიგურანტი იყო; ამ საქმეზე დაუსწრებლად კიდევ ორ პირს ასამართლებდნენ, რომლებიც თურქეთში ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობდნენ და თითქოს რუსეთის “ეფესბეზე” მუშაობდნენ. მტკიცებულებებში არსებობდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მახაური მოკლულის ნათესავებმა ამოიცნეს; ითქვა, რომ დანაშაულის შემდეგ ის ოსაევის დაკრძალვაზე მივიდა. მახაურისთვის ბრალდება სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ 2016 წლის აპრილში ის გაამართლეს.
შამილ ბასაევის მკვლელობის თანამონაწილე
2014 წელს თურქეთის პროკურატურა აცხადებდა, რომ თითქოს, 2006 წელს, მახაური საქართველოში ამზადებდა სატვირთო მანქანას ასაფეთქებელი მოსწყობილობებით და საბრძოლო მასალით, რომელიც შემდეგ ინგუშეთის ტრიტორიაზე აფეთქდა და მოკლა შამილ ბასაევი. იმავეს აცხადებდა МК-სთან ინტერვიუში ისლამ საიდაევი, რომელმაც “ოპერაციის კურატორად”, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე და 2015-2016 წლებში ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი (გია) ლორთქიფანიძე დაასახელა. საიდაევის თქმით, რუსლან პაპასკირი (იგივე მახაური) ბასაევის მკვლელობაში “უშუალოდ მონაწილეობდა” – “ყიდულობდა იარაღს, გადასცემდა ფულს, იღებდა ტვირთს”, “გადაჰყავდა დანაღმული სატვირთო მანქანები”.
ლაფანყურის სპეცოპერაციის ფიგურანტი
მახაური-პაპასკირი ლორთქიფანიძესთან ერთად ნახსენებია ასევე ეგრეთ წოდებულ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე. 2012 წლის აგვისტოში, ქართველმა სამართალდამცველებმა ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის წევრები მოკლეს, დიდწილად ჩეჩნური წარმოშობის, რომლებიც, ოფიციალური ვერსიით საქართველოში დაღესტნიდან გადავიდნენ და მძევლები აიყვანეს. არსებობს ამ მოვლენების ალტერნატიული ვერსია, რომლის თანახმად, მომხდარი ქართული სპეცსამსახურების პროვოკაცია იყო, რომელიც მათ ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მოაწყვეს. ამ ვერსიის შესახებ МК-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პაპასკირი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც ჩეჩნებს არწმუნებდა საქართველოში გამგზავრებულიყვნენ, სადაც მათ უვნებლად გაატარებდნენ.
ლორთქიფანიძე, რომელიც “კომერსანტმა” ამ ოპერაციის “აქტიურ მონაწილედ” დაასახელა, მახაურს “საქართველოს პატრიოტს” უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ მას თურქეთში მომხდარ მკვლელობებთან კავშირი არ აქვს.
გია ლორთქიფანიძეს, 2016 წლის 28 სექტემბერს, 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
გია ლორთქიფანიძის მეგობარი
უკრაინული და რუსული პრესა ვარაუდობს, რომ მახური კიევში შეიძლება გია ლორთქიფანიძესთან მეგობრობის გამო ჩასულიყო, რომელიც 2015 წელს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის პოლიციის უფროსად დანიშნა (ეს თანამდებობა მან 2016 წლის 7 ნოემბერს დატოვა). Цензор.нет-ის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი მახაურს ლორთქიფანიძის “პირად მეგობარს” უწოდებს. ბუტუსოვის მონაცემებით, მართალია მახაური “მონაწილეობდა” უკრაინაში ჩეჩნების მოხალისეთა ბატალიონის საქმიანობაში, მაგრამ დონბასის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არ იყო, მას მუდმივად კიევსა და ოდესაში ხედავდნენ.
აფეთქებამდე, მახაური პრესაში ბოლოს 2017 წლის იანვარში, კიევში დაკავების გამო ახსენეს. მაშინ, მას ორი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოუჩნდა, ასევე შეიხ მანსურის მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც დონბასში იბრძვის. ბატალიონში დაადასტურეს, რომ მახაური მათი წევრი იყო და მას “მზვერავს” ეძახდნენ. მედიის ცნობით, თებერვალში მას იარაღის უკანონო შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის გადავადებით და გაათავისუფლეს. პრესაში წერდნენ, რომ აპრილში ის ბატალიონიდანაც დაითხოვეს.
წყარო: იმედი
