„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს „კალა კაპიტალი“ ფულს ურიცხავდა.
„საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მიმდინარე გამოტოვებული არჩევნებისას, მთავრობის მიერ ორგანიზებულ მოძალადეთა დანაშაულებრივი ჯგუფი, უშუალოდ საარჩევნო უბანთან, თავს დაესხა პარლამენტის წევრებს, ამომრჩევლებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ლიდერებსა და რიგით პოლიციელებს. აღნიშნული ფაქტიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ხელისუფლებას ამ ძალადობის დამკვეთის გამოსავლენად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, ხოლო თავად მოძალადეები დღემდე თავისუფლები არიან“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, თითქმის ყველა თავდამსხმელი დაკავშირებულია იმ სპორტკლუბთან, რომელსაც უშუალოდ მართავს კახი კალაძის ცოლის ძმა.
“ჩვენ თავიდანვე წარმოვადგინეთ აღნიშნულ ძალადობრივ ჯგუფთან ვიცე-პრემიერ კახა კალაძის უშუალო კავშირის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი. დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელიც აღნიშნულ კავშირს უტყუარად ადასტურებს: რუსული სააქციო საზოგადოება „ალფა ბანკის“ მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილების N0978-NRB/017 და N0979-NRB/017 – თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი მარია შევჩენკო, ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე “კალატოზამ” „ალფა ბანკში“ გახსნა ორი ანგარიში კორცხელში „გამოჩენილი“ ორი მოძალადის, ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე. ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16 საათსა და 08 წუთზე, „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან 17 საათსა და 54 წუთზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე დოკუმენტის თანახმად, 17 მაისს, 16 საათსა და 37 წუთზე, “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი.
“საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი – ამჟამად რუსეთის მოქალაქე – რომელიც 2000-იან წლებში საქართველოდან რუსეთში გადაბარგდა. მისი ძმა, ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახი კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ იქნა არჩეული თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად და ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში. წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცეპრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით”, – განაცხადა ნადირაშვილმა.