წინასაარჩევნოდ პარტიების ქცევის კოდექსის მიღება უფრო მეტად კვალიფიციურს და მშვიდს გახდის ჩატარებულ არჩევნებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.
,,არჩევნები როცა ტარდებოდა სიძულვილის ენით, ეს თემა, ვფიქრობ, უკვე ჩავლილია. საქართველო გადავიდა სხვა პოლიტიკური კულტურის რეჟიმში. ამიტომ თუ ქცევის კოდექსზე, ეთიკურ კოდექსზე პარტიები შეთანხმდებიან და იქნება საერთო კოდექსი ამასთან დაკავშირებით მხოლოდ უფრო მეტად კვალიფიციურს და მშვიდს გახდის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ევროპაში ისე ტარდება არჩევნები, ვერც გაიგებთ, წინასაარჩევნო კამპანია რომ არის. ვფიქრობ, საქართველოშიც სწორედ რომ ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ“,- განაცხადა ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგური იუსტიციის სამინისტროს ინიციატივასაც ეხმიანება, რომელიც ეხება ძალადობის პრევენციას არჩევნების პერიოდში. მისი თქმით, ინიციატივა, რომელიც აქვს იუსტიციის სამინისტროს შემოტანილი, აუცილებლად იქნება პარლამენტის კედლებში განსჯის საგანი.
„ისეთი ცვლილებები უნდა შევიტანოთ, არავითარი ეჭვი არ დარჩეს, რომ რაიმე ძალადობას ექნება ადგილი ამომრჩეველზე. 25 წელზე მეტია ვმონაწილეობ არჩევნებში, საარჩევნო დარღვევისთვის დასჯილი ადამიანი მე არ მახსოვს. ეს არის ისეთი დარღვევა, რომ მოიპარო ადამიანის ხმა ამა თუ იმ ფორმით – პირდაპირ თუ ირიბად“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.