“ცხინვალის მახლობლად, სოფელ არცევში მოკლეს “კრიმინალური ავტორიტეტი” და ქართველთმოძულე მარეკ დუდაევი, რომელსაც რამდენიმე ადამიანის დახოცვის, გატაცების, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის გამო საქართველოში 23-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის რეჟიმს გადასცეს. “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დუდაევის მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია, მას თანასოფლელმა, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა ესროლა “მაკაროვის” პისტოლეტიდან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა / “კრიმინალური ავტორიტეტი” მარეკ დუდაევი ცხინვალში მოკლეს.
“მარეკ დუდაევი 16 იანვარს ღამით მოკლული იპოვეს სოფელ არცევში, სოფლის კლუბის ყოფილ შენობაში, სადაც ის ცხოვრობდა და ფერმა ჰქონდა. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, მათგან ორი – თავში. ოსურმა ე.წ. მილიციამ ეჭვმიტანილის ძებნა გამოაცხადა. “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება გახდა. ოსური მედია წერს, რომ ამ მკვლელობამ ოკუპირებულ ცხინვალში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგანაც დუდაევი “რესპუბლიკაში” კარგად იყო ცნობილი. 2000-იანი წლების დასაწყისში ქართული სპეცსამსახურები მასზე ნადირობდნენ და როდესაც ის 2004 წელს დააკავეს, ცხინვალში “გმირადაც” კი იყო მიჩნეული ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისა და ქართველების დახოცვის გამო. საქართველოში კი წარმოშობით ჩეჩენ მარეკ (ნოდარ) დუდაევის სახელს ძალიან ბევრი მძიმე და სასტიკი დანაშაული უკავშირდება. ის თბილისში “ქართველთმოძულედ”, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ და “კრიმინალურ ავტორიტეტად” იყო მიჩნეული. ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის თქმით, თუკი დადასტურდება, რომ დამნაშავე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა თავშეფარებული, ის ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს ერგნეთის შეხვედრებზე და მოითხოვს ექსტრადიციას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“დუდაევის ყოფილი ცოლი, მარფა ვაზაგოვა ამბობს, რომ მარეკ დუდაევსა და მკვლელს ადრე კონფლიქტი ქონდათ, თუმცა ვაზაგოვას კონფლიქტის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ცნობისათვის, მარეკ დუდაევი ქართველმა სპეცრაზმელებმა 2004 წლის 16 მარტს სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დუდაევს 7 ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. 2005 წელს სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამი ადამიანის დახოცვის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებების გამო. ბრალდებებს შორის იყო 1997 წლის თებერვალში, განსაკუთრებული სისასტიკით ბესიკ თენაძის განზრახ მკვლელობა, რომელიც მან აღიარა. გარდა ამისა, დუდაევს ასევე ბრალდებოდა კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა; განზრახ მკვლელობის მცდელობა; სხეულის განზრახ დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა, ძარცვა; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ტარება; პოლიციაზე ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა. გამოძიების ცნობით, დანაშაულთა კრებული დუდაევმა 1995-2002 წლებში ჩაიდინა. ქართულ-ოსური კონფლიქტის გარიჟრაჟზე, 14 წლის მარეკ დუდაევს ჯერ მოუკლეს მამა, შემდეგ თვალწინ გაუუპატიურეს და, დედამისი კი აწამეს. დუდაევმა შურისძიების მიზნით, მხოლოდ ბესიკ თენაძის მკვლელობა აღიარა, დანარჩენ ბრალდებებს კი “ქართული მხარის ფალსიფიკაცია” უწოდა”, – განაგრძობს გამოცემა.
“დუდაევმა ქართულ ციხეში 9 წელი დაჰყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის ივნისში დუდაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას ამნისტიის მუხლი შეეხო, რის შემდეგაც 4-წლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა. დუდაევი დე ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს. მისი გათავისუფლება მაშინ საზოგადოების ნაწილმა გაუმართლებლად მიიჩნია. 2004 წლიდან მოყოლებული, სეპარატისტული ცხინვალი მუდმივად ითხოვდა მარეკ დუდაევის გადაცემას ან ქართველ პატიმრებში გაცვლას, თუმცა საქართველოს წინა ხელისუფლება არც ერთ მოთხოვნას არ დათანხმდა. მარეკ დუდაევის გათავისუფლებას ეთნიკური ქართველების გატაცებით ცდილობდა თავისი ძმა, ცხინვალში ასევე ცნობილი ავტორიტეტი ერიკ დუდაევი. საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, ერიკ დუდაევი “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა და ასევე “კრიმინალური ავტორიტეტი” იყო. ის და მისი ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ რამდენიმე საქართველოს მოქალაქის გატაცებაში, რომ შემდეგ გატაცებული ქართველები ძმის გაცვლისთვის გამოეყენებინა. ერიკ დუდაევი 2 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა“, – დასძენს გამოცემა.
“მარეკ დუდაევმა ოკუპირებულ ცხინვალში დაბრუნების შემდეგაც განაგრძო კრიმინალური საქმიანობა. ის ადგილობრივ ფერმერებს არეკეტებდა. 2016 წელს ის დააკავეს კიდეც გამოძალვის ბრალდებით. საუბარი იყო იმაზე, რომ დუდაევს კონფლიქტი ახალგორის მკვიდრ ტარიელ ბაშარულთან მოუვიდა გავლენის სფეროების გადანაწილების გამო. დუდაევი ჯერ ცხინვალის ბაზარში ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე აზერბაიჯანელებს ახდევინებდა ხარკს, შემდეგ კი წილში ჩაჯდომა ახალგორში მოვაჭრე ქართველებსაც დაუპირა, რომლებსაც ტარიელ ბაშარული “მფარველობდა”. ვისაც მცირე ბიზნესი ჰქონდა, მასზე ე.წ. ხარკის დაკისრება და წილში ჩაჯდომა დაიწყო. 2016 წელს მას კონფლიქტი მოუვიდა ტარიელ ბაშარულთან. ბაშარული ახალგორის მკვიდრია, რომელსაც გავლენიანი მფარველები ჰყავს ცხინვალელ სეპარატისტებში, ასევე კარგი ურთიერთობა აქვს ქართულ მხარესთანაც, ის დიდწილად აკონტროლებს იმ პროდუქციას, რაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამაჩაბლოში და დუდაევს მასთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ის ცოტა ხნით ცხინვალში დაკავებულიც იყო”, – ამბობს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე. მისი თქმით, ახლა როგორც ირკვევა, მარეკ დუდაევი თანასოფლელმა მოკლა იმიტომ, რომ ის არა მარტო ეთნიკურ ქართველებს არეკეტებდა, არამედ ოსებშიც სჩადიოდა დანაშაულს”, – წერს სტატიის ავტორი.