იმ უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, რაც ჩვენმა მორაგბეებმა გამოიჩინეს, რაგბი ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაგბის ევროპის 96-ე გენერალური ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ევროპის რაგბის პრეზიდენტს ოქტავიან მორარიუს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის უდიდესი პატივია უმანსპინძლოს რაგბის ევროპის ასამბლეას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წაადგება ქართული რაგბის განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით. მინდა ვთქვა, რომ რაგბს აქვს უდიდესი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერით და იმ უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, რაც ჩვენმა მორაგბეებმა გამოიჩინეს, ეს სახეობა ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა. სახელმწიფოს, რაგბის კავშირის და კერძო სექტორის მხარდაჭერით აშენდა ინფრასტრუქტურა საქართველოში. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ფონდ „ქართუს“ წვლილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. აშენდა 16 სტადიონი და ამაში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისა. როგორც ოქტავია მორარიუმ აღნიშნა, საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მორაგბეებს, რომლებმაც ურთულეს წლებში, ურთულეს პირობებში შეძლეს, რომ საქართველოს სახელი დაეცვათ საერთაშორისო მასშტაბებით. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, გასული წლის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, სადაც დავინახე პატარა რაგბის ქვეყნების მხარდაჭერა და საქართველოს აღქმა, როგორც რაგბის ქვეყნის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გოირგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო 2017 წელს მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ოცწლამდელთა მორაგბეებში. კვირიკაშვილმა გამოთქვა მზაობა აღნიშნული სპორტული ღონისძიების უმაღლესი დონის ორგანიზებაში.
„გიდასტურებთ პატივისცემას რაგბის თითოეულ მესვეურს, გულშემატკივარს და აღგითქვამთ სრულ მხარდაჭერას“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ მორაგბეებს ფიჯის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.
გიორგი კვირიკაშვილი – რაგბს აქვს უდიდესი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან
2016/06/24 12:38:15
კომენტარები
ნანახია: 1898 ჯერ