25 ივნისს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება შპს. „შავი ზღვის ცემენტის“ ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას, რომელიც სენაკში, 12:00 საათზე გაიმართება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია, სადაც დასაქმდება 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
გიორგი კვირიკაშვილი სენაკში ასევე დაესწრება სახალხო დღესასწაულ „მარულას” და დაათვალიერებს აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც „ქართუ ჯგუფის” დახმარებით ხორციელდება. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმოს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერს“ ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის– “კასტელო მარე” ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში.
სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.
გიორგი კვირიკაშვილი ხვალ სამეგრელოსა და აჭარას ეწვევა
2016/06/24 19:15:05
კომენტარები
ნანახია: 2365 ჯერ