სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავის #24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლა რესტორანში საკონდიტროდან შეტანილმა ტკბილეულმა გამოიწვია.
”სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტის შესწავლა. სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს რესტორან „ბერმუხაში“, სადაც აღნიშნული სკოლის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ინსპექტირებისას შპს „ბერმუხა ბი ემ ჯის“ რესტორანში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა.
მოკვლევისას დადგინდა, რომ რესტორანში საკონდიტრო ნაწარმი (კრემიანი ნამცხვრები) შეტანილი იყო შპს „ასორტი ვერეს“ საკონდიტრო წარმოებიდან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა საკონდიტროში ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, აიღეს საკონდიტრო ნაწარმის ნიმუში, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ: დასაშვებ ნორმაზე მეტი ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, საფუარი და ობის სოკოები.
გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „ასორტი ვერეს“ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შემთხვევა 21 ივნისს მოხდა. დეზინტერიის დიაგნოზით რუსთავის საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საავადმყოფოში მოათავსეს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადაყვანილ #24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნაწლავური ინფექციის დიაგნოზი დაუდგინდათ.