ტყიბულის შახტში, იქ სადაც აპრილში 6 მეშახტე დაიღუპა, კიდევ ორი მუშა დაშავდა. „საქნახშირის“ წარმომადგენელი დავით რობაქიძე ამ ინფორმაციას ადასტურებს. ამის შესახებ “ლიბერალი” წერს. ეს ინფორმაცია ცნობილი ტყიბულში გამართულ დისკუსიაზე გახდა, როდესაც “საქნახშირის” წარმომადგენლებს შეხვედრის მონაწილე მუშებმა ჰკითხეს, რამ გამოიწვია ერთი კვირის წინ კიდევ ორი მუშის დაშავება.
ეს ინფორმაცია მედიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რადგან როგორც მუშები ამბობენ, სასწრაფო არ გამოიძახეს და თავად კომპანიის წარმომადგენლებმა წაიყვანეს მუშები ქუთაისის საავადმყოფოში.
“ჩემი ინფორმაციით რა მოხდა – სადაც მუშაობდნენ მუშები იქ 45-გრადუსიანი დახრილი ადგილებია და ამ ადგილზე ბურღვითი სამუშაობისას, მოხდა იატაკის მოცურება. ისინი რაზეც იდგნენ გამაგრებული ნაწილიდან ქვედა ნაწილში წაიყვანა ქვანახშირის მასამ. იქ რაღაც პროცესები იყო მანამდე რაც ჩემი აზრით ხელმძღვანელ, უფლებამოსილ პირს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა.
სასწრაფო რატომ არ გამოიძახეს? – მე როგორც ვიცი იყო რაღაც შეფერხება ამიტომ ჩვენი მანქანით გადავიყვანეთ. ერთს ჰქონდა თავზე პატარა ჭრილობა რომელიც ადგილობრივად, ჩვენ მედპუნქტი გვაქვს და იქ დაუმუშავდა. შემდგომ გადავიყვანეთ ქუთაისში. ახლა გამოწერილები არიან და სახშლი გადიან მკურნალობას, მოძრაობა შეუძლიათ, მაგრამ რეკომენდაციაა წოლით მდგოამრეობაში იყვნენ. ვსწავლობთ ამ შემთხვევას”, – თქვა დავით რობაქიძემ.
ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში დაიღუპა 6 მუშა და 3 დაშავდა.
19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტყიბულის შახტები შესაძლოა დაიხუროს. უკრაინელი სამთო ექსპერტები შახტში სამომავლო მუშაობაზე საკუთარი ხედვის დასაფიქსირებლად 25 აპრილს ჩაერთნენ. 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.