პანკისის ხეობაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. “როგორც იმედინიუსს” შსს-ში განუცხადეს, სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი მოხდა. თუმცა, ამ ეტაპზე სოფელში სიმშვიდეა.
სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ არიან.
მანამდე ადგილობრივი მედია წერდა, რომ რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.
ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.