„კარგად გვესმის მათ მიერ პანიკის დათესვის მიზეზი, დაძაბული ერთი კვირა გვექნება და ძალიან ბევრ აბსურდულ პანიკის შემცველ ბრიფინგებს მოვისმენთ მათგან. მინდა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდო, მშვიდად ვუსმინოთ ამ ბოდვას. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თიანეთში, მედიასთან საუბრისას, ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ნათლად ადასტურებს, თუ რის გამკეთებელი იქნებოდა თავად „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს.
„ისინი საკუთარი გარყვნილი ქმედებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს. როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა, ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს ან ფიქრობდეს?! ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რაზე არიან წამსვლელები, რას გააკეთებდნენ, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა დღეს მედიასთან თქვა, რომ ხელისუფლება ციხეში იმიტირებულ ბუნტს გეგმავს, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციით უნდა დასრულდეს.