„ჩეჩნურსა და ქისტურს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც არის ქართლურსა და კახურს შორის“, – ამის შესახებ „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.
„ჩეჩნებსა და ინგუშების ენას შორის განსხვავებაა ისეთი, როგორც იმერულ დიალექტსა და კახურ დიალექტს შორის, დიალექტის დონეზე არაფერი განსხვავება იქ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ისევე როგორც, ჩეჩნური და ქისტური – კახური და ქართლური უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.
ქისტური ვიცი და ჩეჩნური არ ვიცი გამოვა, ისევე როგორც, არ გამოვა ქართლურის ცოდნა და კახურის არცოდნა“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
რაც შეეხება წერას, კასრელიშვილი ამბობს, რომ ჩეჩნები სიტყვებს წერენ, როგორც რუსული ასოებით, ისე ლათინური ასოებით.
მისივე თქმით, ასევე უმნიშვნელო განსხვავებაა ქალაქში მცხოვრებსა და სოფელში მცხოვრებლებს შორის, ეს არის მხოლოდ მახვილების დასმა საუბრის დროს.
აღნიშნული თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან ამოღებული მესიჯები ქისტურად არის გაგზავნილი, თავად გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩალიკაშვილიც ჩეჩნურსა და ქისტურს შორის განსხვავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისმა შვილმა ჩეჩნური არ იცოდა, ქისტური კი იცოდა.
„რაც შეეხება SMS -ებს, თემირლანი წერს ლათინური ასოებით ქისტურ ენაზე, ამ მესიჯებს თავის შეყვარებულ გოგონას უგზავნის, ამის გარდა, იქ ძალიან ბევრი სასიყვარულო მესიჯია გაგზავნილი, რაღაცეებია სასიყვარულო ფილმებზე…. „თავს ავიფეთქებო“, რომ ამბობს, დამთავრებულიც არ არის ეგ სიტყვა, რაღაცაზე საუბრობენ… მე ვამბობდი, რომ თუ ჩატაევის გზავნილი არის რუსულად, ან ჩეჩნურად, მაშინ ეს თემირლანთან არ არის, თუ რომელიმე SMS-გზავნილი არის ქართულად ან ქისტურად ეს თემირლანთან არის – მეთქი…ეს ესემესები არის ქისტური სიტყვებით, მეც ვყოფილვარ ახალგაზრდა და ასეთ სიტყვებს ხმარობენ… მაგრამ ის არაფერ სერიოზულთან არ არის დაკავშირებული, როგორც მიაბეს… ეხუმრება თავის შეყვარებულ გოგოს, იმის გარდა იქ დაწერილია სასიყვარულო ამბებზე, კინოებზე, ყველა ესემესი მაქვს წაკითხული, ვიცი იქ რა ხდება, ყველაფერი ვიცი ზუსტად…“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ გადაჭრით იმის თქმა, რომ გარდაცვლილ მაჩალიკაშვილს არ ესმოდა ჩეჩნური და ესმოდა ქისტური, სიმართლეს არ შეესაბამება. რადგან როგორც კასრელიშვილი ამბობს, ჩეჩნურსა და ქისტურს შორის უმნიშვნელო სხვაობაა, ისიც მახვილებს და ასე ვთქვათ, კილოს შორის.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს დღეს, მთავარ პროკურატურაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის მასალები გააცნეს. თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე ჩატარებულია ექსპერტიზა, გაშიფრულია შემავალი და გამავალი ზარები, ჯამში 15 000 ფაილი. აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა დღეს პროკურატურის დატოვების შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ, “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაზიარებულ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდის შემცველი ვიდეომასალის ავთენტურობა დაადასტურა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, ეს თემირლანის მხრიდან, პანკისის ხეობიდან სირიაში წასული და გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სამძიმრის გამოხატულება იყო. „ისინი რომ ცოცხლები და პანკისის ხეობისთვის უცნობი პირები ყოფილიყვნენ, მაგ შემთხვევაში კიდე სხვა კითხვები გაჩნდებოდა. მაგრამ თემირლანს, ძირითადად, იმ მოტივით აქვს გაზიარებული აღნიშნული ვიდეო, რომ იქ პანკისიდან წასული და შემდგომ გარდაცვლილი პირები ფიგურირებენ. დედამისმაც მითხრა, რომ ამ გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებს და ვიდეოებს მთელი ახალგაზრდობა იზიარებდა. ეს კი იმით აიხსნება, რომ ახალგაზრდები წუხან სირიაში უმოწყალოდ ბავშვების და ქალების მოკვლის ფაქტებზე და ფიქრობენ, რომ აქედან ადამიანები მათ დასახმარებლად მიდიან. ის, რომ თემირლანს გააზრებული ჰქონდა რომელი ორგანიზაციის წევრები იყვნენ ისინი, მე ამაზე არანაირი მტკიცებულება არ მაქვს”,- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
რა ენაზე საუბრობდა თემირლან მაჩალიკაშვილი მეგობართან – “ჩეჩნურსა და ქისტურს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ქართლურსა და კახურს შორის“
2018/07/05 20:57:24

კომენტარები
ნანახია: 1468 ჯერ