ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველში, შაბთაი ცური და ისრაელის საელჩო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ამ სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსს, შალვა კვინიხიძეს დახმარებისთვის მადლობას უხდის.
საქმე ეხება ყაზბეგში, როშკის უღელტეხილზე ისრაელის 4 მოქალაქის გადარჩენის ოპერაციას.
„გუშინ საღამოს ისრაელის 4 მოქალაქე (2 დედა-შვილი) სოფელ ჯუთას მიმდებარე მთებში ლაშქრობის მიზნით ავიდა, გზა აებნა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. მათ შველა ისრაელის სახელმწიფოს სთხოვეს. ისრაელის საელჩომ საქართველოში მომხდარის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მიიღო საჭირო ზომები და დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსს, შალვა კვინიხიძეს მიმართა.
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველში, შაბთაი ცური და ისრაელის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის შალვას პროფესიონალიზმისა და თანადგომისთვის. შაბთაი ცური თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მან მადლობა გადაუხადა მაშველთა ჯგუფსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსს, თემურ მონიავას ოპერატიული, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებული სამაშველო ოპერაციისთვის“, – ნათქვამია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყაზბეგი – როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის 4 მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ, დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
„დაზარალებული ტურისტები საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინსიტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ისრაელის ელჩი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მადლობას უხდის
2018/07/24 17:10:03

კომენტარები
ნანახია: 835 ჯერ