“სამდღიანი სტიქიის შემდეგ, საბერძნეთში ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან და დაკარგული ადამიანების ძებნას განაგრძობენ. მთლიანად გადამწვარია საბერძნეთის კურორტი მატი. ასევე დამწვარია სახლები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. გარდაცვლილია 77-მდე ადამიანი და 178-მძიმე დამწვრობით საავადმყოფოებში არის მოთავსებულები. ხანძრის მთავარი კერები უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო დაზარალებულ რეგიონში ახალი პატარა კერები მაინც ჩნდება. კურორტი მატი, რომელიც ათენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის მთავარი ეპიცენტრი იყო. ქართველი ეემიგრანტები „რეზონანსთან” სამი დღის განმავლობაში ათენის გარეუბანში დატრიალებულ უბედურებაზე ყვებიან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით, „ეს იყო ჯოჯოხეთი, ბერძენმა გადამარჩინა, თორემ მე და ჩემი მოხუცი ცოცხლად დავიწვებოდით“ – გადარჩენილი ქართველი ემიგრანტი
“მათი ინფომაციით, დაღუპული არცერთი ქართველი არ არის. ხოლო ორი დაკარგული ქალი, რომელსაც გუშინ ეძებდნენ, უკვე ნაპოვნია და მათ მხოლოდ მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ემიგრანტები ამბობენ, რომ ვითარება იმდენად მძიმე იყო, ალმოდებული შენობებიდან ხალხი გამოსვლას ვერ ასწრებდა. 26 ადამიანის ცხედარი, მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ეზოში აღმოაჩინეს, სადაც ვარაუდობენ, რომ სტუმრად იმყოფებოდნენ და რაღაცას აღნიშნავდნენ. ზოგი ავტომობილში და ზოგიც სახლში სრულიად დამწვარი იპოვნეს. მათ სახლის ეზოდანაც კი ვერ შეძლეს გამოსვლა. ასევე ეძებენ ტურისტებს, რომლებმაც ალმოდებულ პლიაჟს თავი დააღწიეს და ნავით წყალში შევიდნენ. მათი კვალი ჯერჯერობით არსად ჩანს. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მედია წერს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ათობით ადამიანი ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება. მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ისინი ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ამავდროულად, დამწვარ სახლებს ათვალიერებენ. იქნებ სადმე გადარჩენილი ადამიანების კვალს მიაგნონ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საბერძნეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს უკვე დაზუსტებული მონაცემებია. ორი დაშავებული ქართველი ამ დრომდე სახლის პირობებში მკურნალობს. საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები თითქმის ყოველ საათში იცვლება. ხანძრის მთავარი ზონა ათენის ახლოს მდებარე რეგიონი ატიკაა და სოფელი მატი, სადაც ძირითადად მდიდარი ბერძნების სახლები იყო. ისინი ზაფხულობით ქალაქიდან ამ კურორტზე დასასვენებლად დადიოდნენ. ხანძარი სწორედ იმ დროს გაჩნდა, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი, სწორედ ამ კურორტზეა დასასვენებლად წასული. ათენიდან ეს კურორტი 30 კილომეტრის მანძილით არის დაშორებული. მე ნია მარკში ვცხოვრობდი და იქ ხანძარს ახლაც ვერ აქრობენ. ჯოჯოხეთია პირდაპირ. ცეცხლი ღამე მოულოდნელად გაჩნდა. მე იქ მოხუცს ვუვლი. სახლში მხოლოდ მე და ჩემი მოხუცი ვიყავით. კიდევ კარგი მის შვილს გაუგია, რომ ხანძარი გაჩნდა და მანქანით გამთენიისას მოვიდა. სიკვდილს მან გადამარჩინა, თორემ იქ ხალხი ცოცხლად ამოიწვა. გარეთ გამოსვლა და გაქცევაც კი ვერ მოასწრეს“, – განაგრძობს გამოცემა
“არ ყავდათ საკმარისი რაოდენობის მანქანები, ხალხი ღმერთის ანაბარას იყო მიტოვებული. გზაზე რომ მოვდიოდით თავი საშინელებათ ფილმში გვეგონა. ვხედავდი პატარები როგორ ეკითხებოდნენ დედებს გადავრჩეებით თუ არაო. ძალიან გული გვეტკინა, ამ ხალხის საცოდაობით. მათ წლებია კარი გაგვიღეს და გაჭირვების დროს ოჯახები შიმშილს გადაგვირჩინეს. მადლობა ღმერთს, რომ არცერთი ქართველის არც გარდაცვალება და არც მძიმე დაზიანებები არ დასტურდება”,-აცხადებს ქართველი ემიგრანტი ნანა გრძელიშვილი. მისივე თქმით, ორი დაკარგული ტურისტი იპოვეს, რომლებმაც ხანძარს თავი ზღვაში ცურვით დააღწიეს. თუმცა მაშველები კიდევ რამდენიმე დაკარგულ უცხოელს ეძებს. გრძელიშვილი ამბობს, რომ დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან. არსებობს ვარაუდი, რომ რამდენიმე უცხოეთის მოქალაქე ოჯახით ზღვაში შევციდა, საიდანაც მათი კვალი ქრება”, – დასძენს გამოცემა.