გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო კოდექსზე მუშაობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის კოდექსი მთავრობაზე იქნება წარდგენილი.
“ტყეზე არაერთხელ გვისაუბრია და ყოველთვის ვამბობდით, რომ ტყის მდგრადი მართვის საკითხი არის ძალიან კომპლექსური. საქართველოში ბევრი წლის განმავლობაში ტყის მართვასთან დაკავშირებით დაგროვილია ბევრი პრობლემა. ტყე გამოიყენება სოციალური დანიშნულებით, არადა ტყეს გააჩნია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და ეკოლოგიური ფუნქცია. ჩვენ მდგრადი მართვის პრინციპებით უნდა ვმართოთ ტყე. ჩვენი რეფორმები იქნება რამდენიმე მიმართულებით, ეს უკავშირდება კანონმდებლობის მოწესრიგებას, ვფიქრობთ, მომავალ კვირას მთავრობაზე წარმოვადგენთ ახალ სატყეო კოდექსს, რომელიც ტყის მდგრადი მართვის ახალ საკანონმდებლო საფუძველს შექმნის. ეს კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მას პარლამენტში დასჭირდება განხილვები და მხარდაჭერა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, დღეს ტყე გამოიყენება საშეშე და გათბობის მიზნით და ეს შესაცვლელი იქნება. ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულ რეფორმას მოითხოვს და ამაზე პრემიერი თავის ეკოპოლიტიკაში ისაუბრებს.
განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ლევან დავითაშვილი – ტყის კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მას პარლამენტში განხილვები და მხარდაჭერა დასჭირდება
2018/07/26 18:40:57

ნანახია: 1094 ჯერ