“9 000 პატიმრიდან 3,5 ათასი შეიწყალეს, არ მოქმედებს კრიმინალის დონეზე? ღმერთის თანაშემწეები ხართ, რომ უვადოს იწყალებთ?”…
– საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის სამი ქალი, ერთი არასრულწლოვანი და ერთი უვადო მსჯავრდებულია.
„საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. მან შეიწყალა 83 პატიმარი. შეწყალების კომისია 2018 წლის 23-დან 27 ივლისის ჩათვლით მუშაობდა, რომელმაც 976 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა. პრეზიდენტმა განიხილა შესაბამისი რეკომენდაციები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყალებინა 83 მსჯავრდებული“, – განაცხადა შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ.
შეწყალების მორიგი აქტის გამოცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბრიგადის გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
„რეკორდებს ხსნიან: სიჩქარე – 1 საქმე 150 წამში. დაგვცინით?
ასეა, 5 დღეში განიხილეს 976 საქმე. 5 დღე არის 40 სამუშაო საათი.
5 დღე არ გეყოფათ, რომ იმ ერთი უვადოდ გასამართლებულის ბედი გადაწყვიტოს ადამიანმა.
ან რატომ ანაცვლებთ სასამართლოს? ვინ ხართ, ღმერთის თანაშემწეები ხართ უვადოს რომ იწყალებთ?
რა არის 150 წამი?
სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რაიმე სხვა პირადი მონაცემები, რამდენჯერ და რისთვის იყო გასამართლებული, ამჟამად რისთვის იხდის და ა.შ. კიდევ რა უნდა მოასწრო 150 წამში?
ბლა-ბლა-ბლა, სწრაფად ჩაიკითხა ვიღაცამ ეს მონაცემები. განხილვას ვერ მოასწრებ. ვერაფერს მოასწრებ.
ჰოდა, რა პრინციპით ხდება შემდეგ დახარისხება, ვინ მარცხნივ, ვინ მარჯვნივ?
სამაგიეროდ, ნონა გაფრინდაშვილი ამოიღეთ კომისიიდან და ესეც არავინ შეიმჩნია.
მაგრად მიკვირს რატომ არავინ იკვლევს ამ საკითხს?
მაგრად მიკვირს, უკვე მეხუთედ ვწერ, რატომაა შეწყალების კომისიის მასალები გასაიდუმლოებული?
არ ვითხოვ ვინაობას. გაასაჯაროონ, მაგალითად “გ.მ., 1975 წელს დაბადებული, ორჯერ ნასამართლევი (სტატიები), რა მოტივით და რა გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ?
ეს საქმიანობა არ ეხება საზოგადოებას?
ერთ საპრეზიდენტო ვადაში 3500 პატიმრის შეწყალება მოხდა. რატომ არაა ეს საქმიანობა გამჭვირვალე?
საქართველოში სულ 9 ათასი პატიმარია. ამ კომისიამ 3,5 ათასი შეიწყალა. არ მოქმედებს კრიმინალის დონეზე?
რა ჭორებიც დადის, მაგის გავრცელებას არ ვიკადრებ. მაგრამ მიკვირს თქვენი (მედია, პროფილური ენჯეოები, შსს) პასიურობა.
იქნებ დაგვდებენ პატივს და გაგვანდობენ რა სასჯელის გამო ჰქონდა მოქალაქეს მისჯილი უვადო პატიმრობა, რამდენი მოიხადა და რამდენ ხანში უნდა გამოვიდეს, ვინ გაესაუბრა, რაზე დაყრდნობით გადაწყვიტეთ, რომ უსამართლი გადაწყვეტილებაა ან იმსახურებს, რომ უნდა გამოვიდეს გარეთ? თქვენ აგებთ პასუხს?
დარწმუნებული ვარ ისევ გაატარებთ, რადგან პოლიტიკურად ასე გჭირდებათ“ – წერს ამირან სალუქვაძე.