დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, შარტავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და გზის სავალი ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება.
„მინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მერიამ საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სარეაბილიტაციო არეალში (1 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი) არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარები, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარზე ასევე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე გაკეთდება ველობილიკი, რომელიც დაუკავშირდება და შეუერთდება კოსტავას ქუჩას, ასევე, პეკინს და შეიძლება ითქვას, რომ ერთი დიდი წრე შეიკვრება და მგონია, რომ ეს ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია. ამ პროექტში იხარჯება, დაახლოებით, 3 მილიონ 200 ათასი ლარი“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები.
„ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე 800 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 3.2 მლნ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს“, – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის განცხადებით, შარტავას ქუჩა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება
15.08.2018 12:35:49
კომენტარები
ნანახია: 872 ჯერ
