79 წლის ასაკში, ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალა.
პანაშვიდი თეატრში 27–28 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, 29 ნოემბერს, 14:00 საათზე, ამირან შალიკაშვილს პანტომიმის თეატრიდან გამოასვენებენ.
გამოჩენილი რეჟისორი, მსახიობი, ქართული პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი და პანტომიმის თეატრის დამაარსებელი 1939 წლის 22 მარტს ქალაქ კოკანდში (უზბეკეთი) დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით. 1961 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი. 1965–1969 წლებში იყო მუსკომედიის, ხოლო 1969–1973 წლებში — მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1973–1975 წლებში იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი. 1975 წლიდან არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და მის შემდეგ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე არის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი (1978). 1999 წლიდან არის ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი. არის ავტორი წიგნებისა „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“ (1999), „დუმილის შემდეგ“ (2004), „ხილვები ფიროსმანზე“ (2004), „ცრემლიანი შემოდგომა“ (I, 2005; II, 2006).