გადაცემა „მეგობრების დღიურების“ წამყვანმა, ნინო ადამაშვილმა, სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომლის წაკითხვამაც, სიმართლე გითხრათ, შოკში ჩამაგდო. ემშვიდობებოდა ბავშვობის მეგობარს, რომელსაც საშინელი ისტორია გადახდა ციხეში – ისეთი, ყველაზე საშინელ სიზმარშიც რომ ვერ ნახავს და წარმოიდგენს ადამიანი. ნინოს ათი წლის წინ ძმაც დაეღუპა, რომლის გარდაცვალებაც დედამ წინასწარ იცოდა და 24 წელი ჩუმად ელოდა.
ნინო ადამაშვილი:. ჩემს დაბადებამდე, დედამ დიდი ტრაგედია გადაიტანა – ჩემი ტყუპისცალი მუცელშივე დაეღუპა – შვიდი თვის. თუმცა, მე ჯანმრთელი დავიბადე. ჩემი ძმა ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მე და ჩემს ძმას თბილი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ სათამაშოების გამო, ხშირად ვჩხუბობდით. რომ წამოვიზარდეთ, სულ გულჩათხრობილი იყო, თითქოს იმქვეყნიურ ძალებთან ჰქონდა კავშირი, ალბათ, გრძნობდა, ადრე რომ წავიდოდა ამქვეყნიდან. დედა, ჩემს ძმას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, მასზე მეტად ნერვიულობდა და ამას სულ ვაპროტესტებდი. ვსაყვედურობდი: მე არ გიყვარვარ, ჩემს ძმაზე უფრო ნერვიულობ და განიცდი-მეთქი.
– როგორ გრძნობდა და ხვდებოდა, რომ შვილთან განშორება მოუწევდა?
– მე რომ დავიბადე, რამდენიმე თვეში, დედას ხილვა ჰქონდა: სამი ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ქალი გამოეცხადა. მათსა და დედას შორის, მოტოციკლეტით ჩაიარა ბიჭმა. უცნია, თავისი შვილი იყო, დიდ ასაკში. ერთ ქალს უთქვამს: ეს ბავშვი, 27 წლის რომ გახდება, მოტოციკლეტით დაიღუპებაო. მეორემ – მოტოციკლეტით არა, სხვა რამეთიო. ხოლო მესამეს უთქვამს: რა არის 27 წელი, ცოტა ვაცადოთო… როგორც დედა ამბობს, არ ეძინა, ნათლად ნახა ეს გამოცხადება და 24 წელი ტრაგედიაში, განცდებსა და შიშში იცხოვრა, ისე რომ არავისთვის, არაფერი უთქვამს. ამ ხილვის გამო ეშინოდა, შვილი უდროოდ არ წასულიყო იმქვეყნად და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.
– რა ვითარებაში გარდაიცვალა შენი ძმა?
– სანამ ამას მოგიყვებით, გეტყვით, რომ ჩემი ძმა რომ 27 წლის გახდა, დედა შეიცვალა, ნერვიული გახდა, სულ კუდში დასდევდა შვილს, თუ არ იცოდა, სად იყო, ნაბიჯს არ ადგმევინებდა. ჩემი ძმა მანანა შევარდნაძის პირად დაცვაში მუშაობდა. ფული შეუგროვებია და დედას უთხრა, მოტოციკლეტი უნდა ვიყიდოო. დედა ამის გაგონებაზე შოკში ჩავარდა, ხილვა გაახსენდა და უთხრა: შვილო, ოღონდ მოტოციკლეტი არ დამანახო, მე და მამა ფულს დაგიმატებთ და რადგან ასე გინდა, მანქანა იყიდეო. მოკლედ, 27 წელს რომ გადასცდა, დედამ ამოისუნთქა. მაგრამ, ეს ამოსუნთქვა არ ყოფილა მისთვის შვების მომტანი. რამდენიმე დღეში ჩემი ძმა თბილისის ზღვაში მანქანით გადავარდა. თუმცა, დღემდე არ ვიცით, რა მოხდა – მანქანით შემთხვევით გადავარდა, მოკლეს და გადააგდეს თუ უბრალოდ, გააქრეს.
– ვის რაში სჭირდებოდა მისი ამქვეყნიდან გაქრობა, ოჯახს ვინმეზე გაქვთ ეჭვი?
– ჩემი ძმა პოლიციელი იყო და ბევრი ინფორმაცია ჰქონდა, შესაძლოა, ეს გახდა მისი მოკვლის მიზეზი. მე ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, ყველა კვალი მკვლელობამდე მიდის. ჩემმა ძმამ კარგად იცოდა მანქანის მართვა, ცურვა არ იცოდა და წყლის ეშინოდა. მანქანით თუ ჩავარდა, ღვედის გახსნას, კარის გაღებასა და გადმოსვლას ვერც მოასწრებდა. თან, მანქანა და მიცვალებული ერთმანეთისგან საკმაოდ შორს აღმოაჩინეს. ასევე, ისიც აღძრავს ეჭვს, რომ ჩემი ძმის საბუთები, მშრალ მდგომარეობაში, მეთევზემ იპოვა ნაპირზე და პოლიციაში მიიტანა. მოკლედ, ორი კვირა ვეძებდით ნიკოლოზის გვამს და ისეთ მდგომარეობაში ვიპოვეთ, ისეთი შეცვლილი, დედამ ტანსაცმლით და საათით ამოიცნო. სხვათა შორის, ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, 6 მაისი იყო, გიორგობა. ორი კვირის მერე, წყალმა რომ გვამი ამოაგდო – ამაღლება და დაკრძალვის დღეს – ნიკოლოზობა. მამაომ თქვა: ასეთი სასწაული არ მინახავს, გიორგობა დღეს სული ამოუშვა, ამაღლებას წყალმა ამოაგდო და თავისი სახელობის დღეს დაიკრძალაო. ცოლის მოყვანას აპირებდა, სტუმრების სიაც ჩამოწერილი გვქონდა და ის ხალხი მის გასვენებაში დავპატიჟეთ. ამ საშინელი ტრაგედიიდან, ათი წელი გავიდა და დღემდე არ ვიცით, სინამდვილეში, რა ვითარებაში დაიღუპა.
– მის გარდაცვალებამდე. შენს დედმამიშვილზე რაიმე ცუდი წინათგრძნობა არ გქონდა?
– ზოგადად, სიზმრებს არ ვნახულობ და იმ ღამეს და პირველის ნახევარზე, ზუსტად იმ დროს, როცა ნიკოლოზი დაიღუპა, საშინელი სიზმარი ვნახე: მაღაზიაში ხორცი ვიყიდე, მოვიტანე სახლში, თან ვჭრიდი და თან ხელებიდან სისხლი მდიოდა… ძალიან მშიოდა, მოვხარშე და დავიწყე ჭამა…. თან ვჭამდი და თან, ამ ხორციდან ჩამონადენი სისხლი ხელებს მისვრიდა. სიზმარშივე ვფიქრობდი, როგორ ვჭამ ამ უმ, სისხლიან ხორცს, რა მემართება, მხეცი ხომ არ ვარ-მეთქი. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ყურმილი რომ ავიღე, თითქოს ხელები ისევ სისხლიანი მქონდა. ჩემი ძმის საცოლე მირეკავდა: ნიკას ველაპარაკებოდი, მითხრა, თბილისის ზღვაზე ვარ, საშინელი სიბნელეა, არ ვიცი, საით წავიდეო და ტელეფონი გაითიშა, ვეღარ ვუკავშირდებიო. ეს რომ მითხრა, უკვე ვიცოდი, საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ჩემი ძმა რომ ვიპოვეთ, მისი საათი ზუსტად იმ დროს იყო გაჩერებული, როცა მე, ის კოშმარული სიზმარი ვნახე. ჩემი ძმა რაც დაიღუპა, მხოლოდ ერთხელ ვნახე სიზმარში, როცა ორსულად ვიყავი და ქორწილისთვის ვემზადებოდი. მოვიდა თეთრ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, არაფერი უთქვამს, მაგრად ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა – ასე მომილოცა, იმქვეყნიდან გათხოვება და მომავალი დედობა. სიზმარში ისე მაგრად ჩამეხუტა, რომ გამეღვიძა, ძვლები მტკიოდა, თითქოს მართლა იყო ჩემ გვერდით. ჩემს შვილს მისი სახელი – ნიკოლოზი ჰქვია და ძალიან ჰგავს ბიძას. დედა კი, ხშირად ნახულობს და ბევრჯერ ჩემმა ძმამ იმქვეყნიდანაც გამოაბრუნა.
– ახლახან სოციალურ ქსელში დადე სტატუსი, სადაც მეგობრის გარდაცვალებაზე წერდი და მის საკმაოდ ტრაგიკულ ცხოვრებაზე ყვებოდი, უფრო სწორად, დაუჯერებელ ფაქტზე, რომელიც მას ციხეში გადახდა თავს.
– დიახ, ჩემი მეგობრის გარდაცვალებამ ჩემი ძმის ტკივილი გამიახლა. გიორგი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც 2005-10 წლებში, უბანში მარიხუანის მოხმარებაზე დაიჭირეს 2005 წლიდან და 2010 წლამდე ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის ციხეში იჯდა. საწყალი „რეზბალნიცაზეც“ მკურნალობდა. რომ გამოვიდა, მომიყვა, სანთელი ავანთე და ხმამაღლა ვლოცულობდი საკანში, შემომივარდნენ და ხატები თავზე გადამალეწეს. მითხრეს: ბიჭო, რა გინდა, ამ სანთლით ცეცხლი გააჩინო და გადაწვა აქაურობაო. მეც გავიჭიმე და ენა შევუბრუნე. მცემეს, ჩამიყვანეს მორგში, ელექტროშოკი დამადეს და მაიძულეს, ახლად გარდაცვლილი პატიმარი მამაკაცის გვამი გამეუპატიურებინა. თუ ამას არ გავაკეთებდი, დამემუქრნენ, მეორე დღეს „პერედაჩებს“ რომ მოგიტანენ დედაშენი და შენი და, იმათ შენ თვალწინ გავაუპატიურებთო. ცრემლიანი ყვებოდა, როგორ გააუპატიურა გარდაცლილი და ამის შემდეგ, 48 საათის განმავლობაში, როგორ ეგდო მორგში, სადაც ყინავდა და სხეულის ნახევარი, რომელ გვერდზეც იწვა ისე მოეყინა, სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოძრავებდა. ამინისტიის შემდგომ დატოვა ციხე, ქუჩაში გასვლაც კი არ უნდოდა და წავიდა ევროპაში, კერძოდ, ამსტერდამში. ხშირად ვესაუბრებოდი, ვამხნევებდი, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ხელ-ფეხი წაერთვა, ძლიერი ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. ახლახან, დედა გარდაეცვალა, შვილის ნერვიულობას გადაჰყვა. ახლა თავადაც გაჰყვა – მის ორმოცზე, დალია სული. ამდენ ტანჯვასა და ნერვიულობას ვეღარ გაუძლო. დაგვტოვა და წავიდა ამ ცოდვილი სამყაროდან. ახლაც ყურში ჩამესმის მისი აკანკალებული, ცრემლნარევი ხმა, ციხე რომ დატოვა, როგორ მივიდა იმ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახში, ვისი გაუპატიურებაც დააძალეს. მიუსამძიმრა, მოუყვა, რაც რეალურად მოხდა, რომ მის სულთან დამნაშავეა და პატიება სთხოვა მისი ოჯახის წევრებს. მითხრა, მისი სულისთვის, სანამ ცოცხალი ვარ, სულ ვილოცებო.