იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ისინი თვლიან, რომ რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია.
“ერთი წელია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება უვადოდ დანიშვნები გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ. ეს სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ იქნება რეალური რეფორმა საბჭოსი და უვადოდ დანიშვნის პროცედურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ განვაახლოთ უვადოდ დანიშვნები იმისთვის, რომ სუფთა და ახალი ხალხი შევუშვათ სასამართლო სისტემაში”,- განაცხადა ანა დოლიძემ.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ნაზი ჯანეზაშვილმაც.
“ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ადამიანებთან ერთად ვიმსჯელო პროცედურებზე, რომლებიც დათანხმდნენ სიაში ყოფნას და მიიღეს მონაწილეობა პროცესში, რომელსაც პროცესი საერთოდ არ ჰქვია. კატეგორიულად მოვითხოვ, ან შეიქმნას ფორმატი, რომელიც სამართლიანი იქნება, არ გაჩნდება კითხვები, ან ამ ჯგუფში ჩემს ყოფნას აზრი არ აქვს”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.
ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს
2019/01/27 15:46:57

კომენტარები
ნანახია: 761 ჯერ